Loading data...
ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მიაწოდებს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება, შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.