Loading data...
„პსჟ“-ს შეტევის სასიკვდილო იარაღი, გოლი მარტომ შექმნა“ - მედია კვარაცხელიას თამაშზე

ხვიჩა კვარაცხელიამ და პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყეს. პარიზელებმა 4:0 მოიგეს, ხოლო ქართველმა გოლი გაიტანა და მატჩის MVP გახდა.

ფრანგულ-იტალიურ მედიაში კვარაცხელიას თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურნენ:

Eurosport 7.5 ქულა: „ის ჯიმსიტის და ჰიენს იცილებს და კარგად მიზანმიმართული დარტყმით კარნეზეკის სჯობნის. შემდეგ ჩვეული ფინტები და პასები იყო. „ნაპოლის“ ექსფეხბურთელი მოედანზე უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო“.

Calciomercato 7.5 ქულა: „გოლის ეპიზოდში ყველაფერი მარტომ გააკეთა. სანახაობა, რომელიც სერია A-ს აკლია“.

Tuttomercato 7 ქულა: „საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, აერთიანებს კაშკაშა დრიბლინგებს და შეტევის ზუსტ დასრულებას, რათა „ატალანტას“ დაცვა აწამოს. გოლი გაიტანა შეუჩერებელი სირბილით, რომელიც მარჯვენა ფეხით კუთხეში ძლიერი დარტყმით დაასრულა და კარნეზეკის შანსი არ დაუტოვა. მისი არაპროგნოზირებადობა და მეტოქის მოტყუების უნარი პარიზელთა შეტევის სასიკვდილო იარაღია“.

Footmercato 7 ქულა: „დღეს უკეთესად ითამაშა, თუნდაც მარჯვენა ფლანგიდან, რომელიც როგორც ჩანს, მისთვის ნაკლებად შესაფერისია. „ნაპოლის“ ყოფილ ფეხბურთელს ყველაფერი არ გამოუვიდა, მაგრამ სეზონის სტარტზე საუკეთესო თამაში ჩაატარა“.

Paris fans 8 ქულა: „სწორ დროს დაბრუნდა - ჩემპიონთა ლიგაზე. პირველ ტაიმში ყველაფერი გამოსდიოდა და დაჯილდოვდა გოლით, რომელიც თავად შექმნა“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს, „ბარსელონს“ ესტუმრება.