„პსჟ-ს ფარული საგანძური“ - MARCA ხვიჩა კვარაცხელიაზე
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქართველი ფეხბურთელის როლსა და მნიშვნელობაზე.
გამოცემა მიიჩნევს, რომ ის ამ სეზონშიც გარდამტეხ როლს ითამაშებს სეზონის მნიშვნელოვან ეტაპზე.
„ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს „ფარული საგანძურია“. მართალია ის ისეთივე ყურადღების ქვეშ არ არის, როგორც დემბელე ან ვიტინია, თუმცა მისი სტატისტიკა და შეტევაში შეტანილი წვლილი აჩვენებს, რომ ის პარიზული გუნდის კიდევ ერთი ფარული ლიდერია.
რამდენიმე წლის წინ ბევრმა მის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა, თუმცა არა „ნაპოლიმ“. იტალიურმა კლუბმა მასზე ფსონი მაშინ დადო, როცა ის „დინამო ბათუმში“ თამაშობდა, რუსეთში გატარებული სამ-ნახევარი სეზონის შემდეგ. მისმა ტრანსფერმა ნეაპოლელი ქომაგები ახალი იმედით აღავსო - პირველივე სეზონში ქართველმა „ნაპოლის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ მესამე სკუდეტოს მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„სტადიო დიეგო არმანდო მარადონა“ არა მხოლოდ მისი პროგრესის მოწმე გახდა, არამედ იხილა ფეხბურთელი, რომელმაც ნეაპოლურ მოედანზე 30 გოლი და 29 საგოლე გადაცემა დააგროვა. წარმატებულმა გამოსვლებმა და გუნდის ზრდამ საბოლოოდ 2025 წლის იანვარში მისი „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი განაპირობა.
პარიზში მისი დებიუტი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პირველივე ნახევარ სეზონში, „პარკ დე პრენსზე“ თბილისელმა ისეთი დონე აჩვენა, რასაც ბევრი არ ელოდა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჩემპიონთა ლიგა - მან ყველა პლეი-ოფის ეტაპზე უშუალო მონაწილეობა მიიღო გოლებში და ფინალში ინტერის წინააღმდეგაც მოახერხა გაიტანა. 2025-26 წლების სეზონშიც მისი შედეგიანობა იგივე ხაზს აგრძელებს - შვიდი მატჩიდან ხუთში გოლში მონაწილეობა მიიღო.
მაღალი დონის თამაშებისთვის კვარაცხელია ყოველთვის მზადაა - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, საფრანგეთისა და ევროპის სუპერთასებზე, ასევე ინტერკონტინენტალური თასის ფინალში გატანილი გოლით. ეს ცხადყოფს, რომ ის ფეხბურთელია, რომელიც მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში არ ბრწყინავს - წნეხის ქვეშაც ინარჩუნებს სიმშვიდეს.
საფრანგეთის ჩემპიონატშიც მისი სტაბილურობა თვალსაჩინოა. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ამ ეტაპზე ლიგა 1-ს ლიდერობას ვერ ინარჩუნებს და „ლენსს“ ერთ ქულით ჩამორჩება, კვარაცხელიას გოლებმა „მარსელისა“, „ლიონისა“ და „მონაკოს“ წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე „ნიუკასლთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ დაბრუნება დიდი შვება იყო ლუის ენრიკესთვის. ქართველმა პირველსავე მატჩში ლამაზი გოლი გაუტანა „მარსელს“.
მის მიმართ აღიარება მხოლოდ მწვრთნელისგან არ მოდის - დემბელეც საჯაროდ აღნიშნავს მის მნიშვნელობას. თუ პსჟ ორივე ვარსკვლავის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს, გუნდი კვლავ ყველა ტიტულის რეალური პრეტენდენტი იქნება.
კვარაცხელიას წარმატება შემთხვევითი არ არის, ეს შრომისა და პროგრესის შედეგია. 2025 წელს ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-12 ადგილზე გავიდა. 25 წლის ასაკში კი უკვე კონტინენტური მასშტაბის ლიდერად მიიჩნევა და ერთ-ერთ იმ ფეხბურთელად, რომელიც ევროპულ ფეხბურთში დომინირებისთვის არის განწირული“, - წერს გამოცემა.