„პრობლემა თვალსაჩინოა“ - AS ლივერპულში მამარდაშვილის უთამაშებლობაზე

„მამარდაშვილის დიდი პრობლემა“, - ასეთი სათაურით ეხმაურება ესპანური გამოცემა AS-ი გიორგი მამარდაშვილის უთამაშებლობას.
„ლივერპულში“ ქართველი მეკარე ჯერჯერობით მეორე მეკარეა და არნე სლოტი ალისონს სრულ ნდობას უცხადებს. შესაბამისად, გიორგი სექტემბრის სანაკრებო მატჩებს სათამაშო პრაქტიკის გარეშე ხვდება.
„ლივერპულში“ საქმეები ისე არ მიდის, როგორც გიორგი მამარდაშვილს სურს. „წითლებმა“ მის სანაცვლოდ 30 მილიონი გადაიხადეს და გასული სეზონი „ვალენსიაში“ იჯარით გაატარა და მოსალოდნელი იყო, რომ ის „ენფილდზე“ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე იქნებოდა. თუმცა, არნე სლოტისთვის „წითლების“ ძირითად მეკარედ ალისონი რჩება.
ბრაზილიელი მეკარე, რომელსაც ერთ დროს ინგლისიდან საუდის არაბეთში ან იტალიაში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, სეზონის დასაწყისშივე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მან სასტარტო შემადგენლობაში „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ ინგლისის სუპერთასზე და ასევე პრემიერლიგის პირველ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მამარდაშვილი ამით უკმაყოფილო უნდა იყოს, რადგან ის ოთხი სეზონის განმავლობაში საქართველოსა და „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე იყო და ახლა ყველა თამაშს სათადარიგოთა სკამიდან აკვირდება. სლოტმა ის წინასასეზონო ყველა მატჩში ათამაშა და „მილანის“ წინააღმდეგ მისმა ცუდმა თამაშმა, სავარაუდოდ, სლოტის გადაწყვეტილებაში როლი ითამაშა.
ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მამარდაშვილი ყოველდღე უნდა დაფიქრდეს, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან მას მთელი ევროპიდან ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ „წითლების“ წინადადება აირჩია. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა და მას შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მაგრამ როგორც ჩანს, სლოტმა ამ სეზონისთვის ძირითადი მეკარე აირჩია. ალისონს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდიდან წავიდეს“, - წერს AS-ი.