ფიგურული ციგურაობა - ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა თავისუფალი პროგრამით გამოვიდა.
გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეცხრე ადგილზე დაასრულა.
ორი პროგრამის ჯამში მან 209.99 ქულა მოაგროვა და ოლიმპიადა მეცხრე ადგილზე დაასრულა, რაც ქალთა ერთეულთა კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ 138.22 ქულა მოაგროვა, რაც მეთერთმეტე შედეგი იყო, მოკლე პროგრამაში კი მან მსაჯებისგან 71,77 ქულა მიიღო და მეექვსე ადგილს დასჯერდა.მანამდე ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა: ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა.
ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებიდან ასევე იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, მათ ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავეს, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
ნიკა ეგაძემ მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგი გაიმეორა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. ხოლო ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ქალთა ინდივიდუალურ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ალისა ლიუ გახდა, ვერცხლი იაპონელმა კაორი საკამოტომ, ბრინჯაო კი ასევე იაპონელმა ამი ნაკაიმ მოიპოვეს.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.