მსოფლიო საფეხბურთო სამყარო დიოგუ ჟოტას დაემშვიდობა - „ლივერპულის“ ფეხბურთელები პორტუგალიაში ჩავიდნენ

დღეს მთელი მსოფლიო პორტუგალიელ თავდამსხმელს დიოგუ ჟოტას და მის 26 წლის ძმას - ანდრე სილვას დაემშვიდობა. „ლივერპულის“ ფეხბურთელები პორტუგალიაში, ჟოტას მშობლიურ ქალაქ გონდომარში ჩავიდნენ, რომ უკანასკნელი პატივი მიეგოთ თანაგუნდელისთვის.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის დიოგუ ჟოტა და მისი ძმა ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი, გუნდის კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი, მცველი ენდრიუ რობერტსონი, ნახევარმცველი მაკ ალისტერი და ჟოტას სხვა თანაგუნდელები დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად, დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. ვან დაიკმა და რობერტსონმა წითელი საფეხბურთო მაისურების ფორმის ყვავილები მიიტანეს, რომელთაგან ერთს ჟოტას ნომერი 20, ხოლო მეორეს - სილვას ნომერი 30 ეწერა.
„სამწუხარო დღეების გავლა გვიწევს, მაგრამ ჩვენ დღეს ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ერთი დიდი და ახლო ოჯახი ვართ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა.
გონდომარის სტადიონის გარშემო ადგილობრივებმა სუვენირები, მაისურები და ყვავილები ძმების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად დატოვეს.
გულშემატკივრებით გადაივსო ლივერპულშიც „ენფილდის“ საფეხბურთო სტადიონი.