„მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა“ - იტალიური მედიის ცნობით, კვარაცხელიასა და „ნაპოლს“ შორის შეთანხმება ვერ ხერხდება
La Gazzetta dello Sport „ნაპოლსა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს მორიგ სტატიას უძღვნის.
როგორც იტალიური გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რადგან ორივე მხარეს თავისი პირობები აქვს, დათმობაზე კი არც ერთი მათგანი არ მიდის.
„ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ქართველი მოხიბლულია პარი სენ-ჟერმენის შეთავაზებით, რომელიც წელიწადში 11 მილიონის გადახდას გულისხმობს და კონტრაქტის გასახანგრძლივებლად „ნაპოლისადმი“ მოთხოვნები წელიწადში 8 მილიონ ევრომდე გაზარდა. თავის მხრივ, „ნაპოლის“ შეთავაზება 2029 წლამდე 5.5 მილიონ ევროზეა გაყინული, რაც სულაც არ არის უმნიშვნელო თანხა იმასთან შედარებით, რომ გასულ სეზონში, ფეხბურთელი 1.8 მილიონს იღებდა.
ამ მომენტისთვის, კვარაცხელიას ორი ვარიანტი აქვს - მიიღოს წინადადება და თანხა, ან ამჟამინდელ ანაზღაურებას დასჯერდეს იმის იმედით, რომ 2025 წლისთვის უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს მოლაპარაკებებში და შესაძლოა, მისი გასხვისებაც გამოვიდეს“, - წერს გამოცემა.
როგორც La Gazzetta dello Sport აღნიშნავს, „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს არ სურს, რომ ეს გაურკვევლობა დროში კიდევ უფრო გაიწელოს, რადგან 23 წლის ქართველი გუნდში ცენტრალურ ფიგურად მიაჩნია.
„თუმცა, ხელმძღვანელობისგან დადებითი პასუხები ჯერაც არ მიუღია“, - აღნიშნავს გამოცემა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. კლუბის სურვილია, კონტრაქტი 2029 წლამდე გაგრძელდეს, თუმცა, პსჟ საკმაოდ სარფიან შეთავაზებას არ იშურებს ქართველის გადასაბირებლად და მას სეზონში 11 მილიონ ევროს სთავაზობს.