Loading data...
მიქაუტაძე: პირველი გოლის გატანას მოუთმენლად ველოდი და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან“ გამარჯვების გოლის (1:0) შემდეგ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.

როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, ის გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის, დაცვასაც ეხმარება:

„გვინდოდა სეზონის გამარჯვებით დაწყება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შევძელით, კმაყოფილები ვართ ჩვენი თამაშით. დაცვაშიც და შეტევაშიც, საბოლოოდ, სამი ქულით.

რთული მატჩი იყო, ამისთვის მომზადებულები ვიყავით. ვიცით, რომ „ლანსს“ კარგი გუნდი ჰყავს, გულშემატკივრებით, რომლებიც მათ დიდ მუხტს აძლევენ. ამ მატჩისთვის მზად ვიყავით, მოვემზადეთ, რომ გოლი არ გაგვეშვა და სწორედ ეს გავაკეთეთ. ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი დაცვითი წვლილით და გავიტანეთ გოლი, შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა, მაგრამ ბედნიერები ვართ.

რაც შეეხება გოლს, მალიკის სირბილი, კონტრშეტევა, დავინახე. მეც მაშინვე გავიქეცი, ვცადე მცველის უკან მოტოვება, ბურთს ფეხის გარე ნაწილით შევეხე და ბურთი კარში გავიდა, გამიხარდა. ეს გოლი ინსტინქტურად გავიტანე. ამ სეზონში პასუხისმგებლობები მაქვს, ამიტომ პირველი გოლის გატანას მოუთმენლად ველოდი და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო.

მწვრთნელი გვთხოვს, რომ პოზიციებს დავუბრუნდეთ, რათა პრესინგი ვითამაშოთ და გუნდს დაცვაში დავეხმაროთ. თავდამსხმელებს პირველივე პასის ჩაშლას გვთხოვს, ამიტომ ვცდილობ პრესინგს. ძალისხმევას არ ვიშურებ, გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ. შეტევაში პოზიციონირებაზე ვარჯიშებზე ვმუშაობთ. ბევრს ვესაუბრები გარემარბებს, ვცდილობ, პოზიციები შევცვალო, ახლო ძელთან, შორეულ ძელთან თუ უფრო უკან. ამაზე ვარჯიშზე ვმუშაობთ და ამჯერად მატჩშიც გამოგვივიდა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.