Loading data...
მერფი: ლივერპულმა კვარაცხელიას გამო ფული არ უნდა დაიშუროს, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დენი მერფმა განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად.

როგორც მან აღნიშნა, იან დიომანდეს ტრანსფერი რისკის შემცველია, კვარაცხელიას ყიდვა კი კლუბისთვის გარანტია იქნება, რომ ის კარგად ითამაშებს.

„ლივერპულის“ მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ძალიან ბევრს გადავიხდიდი. მას ისევე მარტივად შეუძლია მარჯვნივ თამაში, როგორც მარცხნივ, და ალბათ, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია.

როდესაც ფეხბურთელმა გარკვეული დრო გაატარა პსჟ-ში და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შესაძლოა, პრემიერლიგაში თამაშის გამოწვევა მისთვის საინტერესო იყოს. ეს ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ის ჩამოვა, რისკი არ იქნება, მაშინ, როცა დიომანდეს მსგავს ახალგაზრდა ფეხბურთელს შეიძლება დრო დასჭირდეს“, - განაცხადა მერფმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.