Loading data...
მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყეტილებით გამოცხადდა.

34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.

ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ხოლო ივნისში კვლავ ო’მალის სძლია.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.