მერაბ დვალიშვილი: სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ მილიონ ლარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, საქართველოში MMA-ისა და სპორტის განვითარებას
UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, UFC-ის ქართველ ჩემპიონებს მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას სახელმწიფო ფულადი ჯილდოს სახით მილიონ ლარს გადასცემს.
„ახლა გავიგე, რომ სახელმწიფომ მეც და ილიას გადმოგვცა მილიონი ლარი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, საქართველოში MMA-ისა (შერეული საბრძოლო ხელოვნებისა) და სპორტის განვითარებას, რომ მეტი UFC-ის ქამარი, სხვადასხვა პრიზი და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში და ზოგადად ჭიდაობაში, ჯიუჯიცუში და ა.შ.“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა 15 სექტემბერს ამერიკელი მებრძოლი შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
18 თებერვალს კი ილია თოფურიამ ავსტრალიელ მეტოქე ალექსანდრ ვოლკანოვსკს სძლია და ქვემსუბუქი წონის კატეგორიაში UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.