მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და ქამარი დათმო.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში იანი გააქტიურდა, ის კრივში ჯობდა დვალიშვილს და თეიქდაუნებისგანაც თავს კარგად იცავდა.
34 წლის მერაბ დვალიშვილს UFC-ს რეკორდის დამყარება შეეძლო – მან ერთ სრულ წელში ქამარი სამჯერ დაიცვა, ხოლო ოთხჯერ ამის გაკეთება აქამდე ვერავინ შეძლო.
ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.