„მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ცნობილ ინგლისურ საფეხბურთო კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ის 39 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუბენ ამორიმი გახდა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს.
კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული და მისი ერთი წლით გაგრძელებაა შესაძლებელი. ამორიმი გუნდს 11 ნოემბერს შეუერთდება.
რუბენ ამორიმი აქამდე ლისაბონის „სპორტინგს “ ედგა სათავეში. „იუნაიტედმა“ პორტუგალიურ კლუბს მწვრთნელის გამოსასყიდი თანხა, 10 მლნ. ევრო უნდა გადაუხადოს.
„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მე „მანჩესტერ იუნაიტედში“ ფულის გამო გადავედი. ეს ასე არ არის. არსებობენ კლუბები, რომლებიც მე სამჯერ მეტს მთავაზობდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი არის კლუბი, სადაც მე მინდოდა მუშაობა“, - დაწერა რუბემ ამორიმმა.
„მანჩესტერ უინაიტედმა“ გუნდის წინა მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი 28 ოქტომბერს გაათავისუფლა. მიმდინარე სეზონში კლუბი პრემიერ ლიგის მე-14 ადგილზეა და ცხრა შეხვედრიდან მხოლოდ სამი გამარჯვება აქვს.
რუბენ ამორიმი „სპორტინგს“ 2020 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ეს კლუბი პორტუგალიის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო პორტუგალიის ლიგის ორი თასი და ქვეყნის სუპერთასი.