მამარდაშვილის ტრანსფერი - თურქულმა კლუბმა „ლივერპულს“ შეთავაზება გაუკეთა
სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ „ლივერპულიდან“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გიორგი მამარდაშვილის დამატება სურს.
აღნიშნულ ინფორმაციას თურქული წყაროები ავრცელებენ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰაკან საფის მიზანია, რომ კლუბში ქართველი მეკარე მიიყვანოს, რადგან „ფენერბაჰჩე“ დომინიკ ლივაკოვიჩის გაშვებას აპირებს, ხოლო ედერსონის თამაშით სტამბოლში კმაყოფილი არ არიან.
„საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ფენერბაჰჩეში“ ტრანსფერების მუშაობა იწყება. პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰაკან საფიმ, რომელმაც A SPOR-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი თავდამსხმელს, ცენტრალურ მცველს, გარემარბს და მეკარეს დაიმატებენ, როგორც ამბობენ, მეკარის პოზიციაზე მსოფლიო ფეხბურთის ცნობილ სახელს ისახავენ მიზნად.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკან საფიმ „ლივერპულთან“ მოლაპარაკებები დაიწყო გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე. ამჟამად ინგლისურ კლუბში ალისონ ბეკერს ძირითად მეკარედ მიიჩნევენ და მზად არიან, ქართველი მეკარე ისეთ გუნდში იჯარით გაუშვან, სადაც მას რეგულარული სათამაშო დრო ექნება. საფიმ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას იჯარის შეთავაზება გამოსყიდვის ოფციით წარუდგინა. მოლაპარაკებების შემდეგ ინგლისური გუნდის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
შესაძლო ტრანსფერში კიდევ ერთი დეტალი გამოიკვეთა, რაც მოთამაშის განწყობაა: გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მეკარისთვის „ფენერბაჰჩე“ დადებითად განიხილება თურქეთის საქართველოსთან გეოგრაფიული სიახლოვისა და რეგულარული სათამაშო დროის პერსპექტივის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულის“ გადაწყვეტილების შემდეგ სიტუაცია უფრო ნათელი გახდება, მამარდაშვილის ტრანსფერი, სავარაუდოდ, „ფენერბაჰჩეს“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი იქნება ახალი სეზონის წინ, თუ ის შედგება. „ფენერბაჰჩეში“ მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების პროცესზე და „ლივერპულის“ რეაქციაზე იქნება დამოკიდებული“, - წერს Takvim-ი.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ გიორგი მამარდაშვილი ერთსეზონიანი იჯარით იტალიურ კლუბებს - „იუვენტუსს“, „ინტერსა“ და „ფიორენტინას“ შესთავაზეს. ამის შესახებ ცნობილი და სანდო ინსაიდერი, ნიკოლო სკირა იტყობინება.
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ უმეტესად მხოლოდ მაშინ თამაშობდა, როცა ალისონს ტრავმა ჰქონდა. თუ ბრაზილიელი დარჩება, გიორგის მომდევნო სეზონშიც მეორე მეკარის როლის მორგება მოუწევს, რაც მის გეგმებში არ შედის, ამიტომაც, იჯარით წასვლა საკმაოდ რეალური ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი „ლივერპულამდე“ 2021-2025 წლებში „ვალენსიაში“ თამაშობდა, რომლის რიგებში 134 თამაში ჩაატარა.
#Liverpool’s goalkeeper Giorgi #Mamardashvili has been offered to three #SerieA’s Clubs for one season loan. #transfers #LFC https://t.co/FO5ZqJU6Cf
— Nicolò Schira (@NicoSchira) May 27, 2026