Loading data...
მამარდაშვილის სამაგალითო ჟესტი - ფეხბურთელი დაუკავშირდა ბუდიმირს და დაინტერესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა აღფრთოვანება და ყურადღება თავისი პიროვნული თვისებების გამოც დაიმსახურა.

„ვალენსიას“ მეკარე ოსასუნას თავდამსხმელის ტელეფონის ნომრის გაგებას მას შემდეგ ცდილობდა, რაც შეიტყო, რომ მათი შეჯახების შედეგად ფეხბურთელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

Cadena SER-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ვალენსიას მეკარე დაუკავშირდა ანტე ბუდიმირს და დაინტერესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

მას შემდეგ, რაც ხორვატმა თავდამსხმელმა პამპლონაში გამართულ შეხვედრაში, შემთხვევით შეჯახების დროს ნეკნების მოტეხილობა მიიღო, მამარდაშვილმა გადაწყვიტა, გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი ფეხბურთელი გაემხნევებინა და მისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა.

ბუდიმირი და გიორგი ერთმანეთს თამაშის დროს, მაღალ ბურთზე ბრძოლისას შეეჯახნენ. ხორვატი ფეხბურთელი, რომელსაც გასახდელში პირიდან სისხლის დენა აღენიშნებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოსასუნას ფორვარდს ნავარის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა და მკერდის არეში დაზიანებები, მათ შორის ნეკნების მოტეხილობები დაუდგინდა. ბუდიმირი კლინიკაში დარჩა შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცესის გასავლელად.

ცოტა ხნის წინ კი მამარდაშვილსა და ბუდიმირს შორის გულითადი საუბარი შედგა. ოსასუნას თავდამსხმელი თავს უკეთესად გრძნობს და იმედოვნებს, რომ მოედანს იმაზე სწრაფად დაუბრუნდება, ვიდრე ამას მედიკოსები ვარაუდობენ, რომლებმაც გამოჯანმრთელების პროცესის ხანგრძლივობა, მინიმუმ ერთი თვით განსაზღვრეს. ანტე და გიორგი ერთმანეთს შესაძლოა ივნის-ივლისში, გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც შეხვდნენ, სადაც მათი გუნდები, ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებები იასპარეზებენ“, - წერს Cadena SER.