Loading data...
ლუის ენრიკეს პრიორიტეტი - ფრანგული მედია კვარაცხელიაზე

ცნობილი ფრანგული RMC Sport-ი იტყობინება, რომ ლუის ენრიკეს პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერია.

წყაროს თანახმად, ესპანელი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელს კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავს და მისთვის პრიორიტეტულია ხვიჩას შეძენა.

დორტმუნდთან წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, პსჟ-ს ამ სეზონში 4 თამაში რჩება ჩასატარებელი. 4 თამაში კილიან მბაპეს წასვლამდე, რომელიც კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. პარიზი მომავლისთვის უკვე ემზადება. ჩვენი ინფორმაციით, ლუის ენრიკესთვის თავდამსხმელის შესაცვლელად პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა.

ბოლო კვირებში „ნაპოლის“ ფეხბურთელის გარემოცვას და დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელებს შორის, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ, დისკუსია უკვე შედგა. მოლაპარაკება პოზიტიური გამოვიდა, 23 წლის ქართველი კი ენთუზიაზმით აღივსო.

მაგრამ, ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე სახის შეთანხმება პსჟ-ს, ფეხბურთელსა თუ ნაპოლის შორის. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ნეაპოლის კლუბი მზად იქნება ხვიჩა კვარაცხელია დათმოს“, - წერს RMC Sport.

ჯერჯერობით, არც კლუბსა და ფეხბურთელს და არც კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არაა. ისიც უცნობია, რამდენად მზად არის „ნაპოლი“ კვარაცხელიას გასაყიდად.

ფაქტია, რომ ბოლო დღეებში ყველაზე აქტიურად სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესზე იწერება. პარიზული კლუბისთვის ფინანსური მხარე პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, ასე რომ, აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ უნდა გაუჭირდეთ.