Loading data...
ლუის ენრიკე: ის ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება აქვს, ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც კვარაცხელია ბურთით და უბურთოდ აკეთებს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან კმაყოფილია იმით, რასაც კვარა ბურთით და უბურთოდ აკეთებს:

„როდესაც ერთი ან ორი წლის წინ მისი ყიდვის შესაძლებლობა გვქონდა, ამის გაკეთება ვერ შევძელით. კვარას კარგად ვიცნობდით, ის ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვს. უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთელი, რომელიც იცვლის ქვეყანას, თამაშის სტილს, რთულია ადაპტაცია და თავიდან გაუჭირდა, მაგრამ პროცესში ძალიან გახსნილი იყო. მისი თვისებები მაღალია, ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, იმით, რასაც ბურთით და უბურთოდ აკეთებს. ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ჩვენს სტილთან სწრაფად ადაპტირდა“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე სხვა თემებზეც ისაუბრა, უმეტესად თავის გუნდზე და მოახლოებულ მატჩზე.

„გამიმართლა, რომ არტეტას ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვიცნობ, როცა ფეხბურთელი იყო. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ძლიერი ხასიათი ჰქონდა. შესანიშნავი ფეხბურთელი გახლდათ და შესანიშნავი მწვრთნელია. ყველაფერში საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არა ხვალინდელ მატჩში, რომელიც უნდა მოვიგოთ.

პსჟ-ს პროგრესზე ნახევარფინალამდე ვისაუბრეთ. პირველ წელს ჯერ კიდევ იყო გასაანალიზებელი საკითხები, რაღაცები, რასაც გაუმჯობესება სჭირდებოდა. მეორე წელი კი, მკაფიო ზრდის და ჩვენი რესურსების გამოვლენის წელია. მომდევნო სეზონში მუშაობას ეტაპობრივად გავაგრძელებთ. ვფიქრობ, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და გვსურს, გაუმჯობესება გავაგრძელოთ.

არ მგონია, გუნდში არსებობდეს ერთი რგოლი, რომელიც მეორეზე უკეთესია და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ პსჟ-ს სიძლიერე. არ ვაკეთებთ გათვლებს, ვცდილობთ, ყველა მატჩი ერთნაირად ვითამაშოთ. ეს ადვილი არ არის, ხვალაც რთული თამაში იქნება, მაგრამ ვეცდებით გავიმეოროთ ის, რასაც პირველივე დღიდან ვაკეთებთ, იმავე ხარისხით.

უსმან დემბელე ორი დღეა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, ხვალ ჩემს განკარგულებაშია. ჩემმა გუნდმა ბევრი ქება დაიმსახურა თამაშისა და შემტევი მანერის გამო. ფეხბურთი სანახაობაა და ვფიქრობ, ამას მივაღწიეთ. როდესაც ჩვენი ფანების გარდა, სხვებიც გვაქებენ, ეს შესანიშნავია.

„ინტერი“ - „ბარსელონა“? მხოლოდ ერთ რამეს ვისურვებდი: ფინალში პსჟ-ს გასვლას. თუმცა, მე მაკავშირებს წარსული და სიყვარული, მიჯაჭვულობა „ბარსელონასთან“, რომელიც არასდროს გაქრება.

ვცდილობ, ჩემს დაბადების დღეზე არ ვიფიქრო, მაგრამ შარშანაც იგივე იყო, „დორტმუნდთან“ ნახევარფინალი ჩემი დაბადების დღის წინა დღეს იყო, დიდად კარგი დაბადების დღე არ მქონია. ახლა, ახალი შესაძლებლობა მაქვს და იმედია, კარგი დღე მექნება. ვეცდები, მატჩით ვისიამოვნო და ჩემი მენტალიტეტი ფეხბურთელებს გადავცე.

ყველა მწვრთნელს აქვს გავლენა თავის ფეხბურთელებზე. ყოველთვის მყავდა მაღალი დონის მოთამაშეები და ყოველთვის ვცდილობდი, მათ დავხმარებოდი. ჩემი საქმე ფეხბურთელების საუკეთესო ვერსიების წარმოჩენაა.

პირველი მატჩის შედეგი ცნობილია და ეს გადამწყვეტი ფაქტორია. არ ვაპირებთ სპეკულაციებს და გათვლების გაკეთებას, ლონდონში გამართული მატჩის მსგავსად უნდა ვიბრძოლოთ, ამ თამაშს პირველ შეხვედრასთან კავშირი არ ექნება“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 7 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.