კიტეიშვილი: დიდი პატივია ჩემს სამშობლოში თამაში და მისი ღირსების დაცვა, ეროვნული ჰიმნის მოსმენისა და ჩემი ქვეყნისთვის თამაშის გრძნობა აუწერელი

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს დღეს 29 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ავსტრიული კლუბის ვებგვერდზე ქართველი ფეხბურთელის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც, როგორც კლუბზე, ისე ნაკრებსა და პირად მიზნებზე ისაუბრა.
- ოთარ, „შტურმის“ ფეხბურთელის რანგში უკვე მეშვიდე დაბადების დღეს აღნიშნავ. იფიქრებდი ამაზე, როცა კონტრაქტი გააფორმე?
- როდესაც 2018 წელს „შტურმში“ გადმოვედი, არასდროს წარმომედგინა, რომ აქ ამდენ ხანს დავრჩებოდი. დრო გავიდა, ვამაყობ, რომ შავ-თეთრ მაისურში მეშვიდე დაბადების დღეს აღვნიშნავ.
- რას ნიშნავს შენთვის „შტურმი“ და როგორ შეაჯამებდი კლუბში გატარებულ წლებს?
- ჩემთვის „შტურმი“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი - ის ოჯახი გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმავლობა და ჩავარდნა მქონდა, ვიბრძოლე რამდენიმე ტრავმის გამო, მაგრამ ასევე მივაღწიე ჩემი კარიერის უდიდეს წარმატებებს. გასულ სეზონში დუბლის მოგება დაუვიწყარი მომენტი იყო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა ჩემთვის მთელი ცხოვრების ოცნება იყო.
- რა შეიცვალა კლუბში ყველაზე მეტად ბოლო წლებში?
- კლუბი მრავალმხრივ განვითარდა. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ და შევძელით ჩვენი ამბიციების დემონსტრირება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ინფრასტრუქტურა და გარემო ასევე გაუმჯობესდა, რასაც გუნდისთვის სარგებელი მოაქვს.
- წლის დასაწყისში თქვენ გაახანგრძლივეთ კონტრაქტი კიდევ ორი სეზონით 2027 წლამდე. რამ გაგიჩინათ მოტივაცია, რომ „შტურმთან“ ერთად ტიტულის მოსაგებად კიდევ ერთხელ იბრძოლოთ?
- აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და ძალიან ვაფასებ გარემოს და გულშემატკივრებს. ჯერ კიდევ არ მიმიღწევია ყველა ჩემი მიზნისთვის „შტურმთან“ ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შეგვიძლია ერთად აღვნიშნოთ რამდენიმე წარმატება. ამიტომ, კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ადვილად მივიღე.
- საქართველოსთან ერთად ორი საერთაშორისო მატჩიდან ბრუნდები. რას ნიშნავს შენთვის შენი ქვეყნის წარმოდგენა? და რა გენატრება ყველაზე მეტად საქართველოში?
- ყოველთვის დიდი პატივია ჩემს სამშობლოში თამაში და საქართველოს ღირსების დაცვა. ეროვნული ჰიმნის მოსმენისა და ჩემი ქვეყნისთვის თამაშის გრძნობა აუწერელია. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები, მაგრამ ასევე ქართული სამზარეულო და ჩემი მშობლიური ქალაქის ატმოსფერო.
- სანაკრებო შესვენება დასრულდა, ახლა საჩემპიონო ჯგუფის სეზონი იწყება. კიდევ რისი მიღწევია შეუძლია „შტურმს“?
- კარგი სასტარტო პოზიცია გვაქვს და ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები. თუ კონცენტრირებულები ვიქნებით და ჩვენს პოტენციალს გამოვავლენთ, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი მიზანია ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.
- სეზონის დარჩენილ ნაწილში პირადი მიზნები რა არის?
- მსურს გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, გოლებით, პასებით თუ უბრალოდ თამაშით. ჩემთვის მნიშვნელოვანია ტრავმებისგან თავისუფალი ვიყო და თანმიმდევრულად კარგად ვითამაშო.
- და ბოლოს: დაბადების დღის რა სურვილები გაქვს?
- ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ვიყო ჯანმრთელი და წარმატებით გავაგრძელო ფეხბურთის თამაში. რა თქმა უნდა, „შტურმთან“ ერთად ბევრი წარმატების იმედიც მაქვს და მინდა, ჩვენს გულშემატკივარს კიდევ ბევრი შესანიშნავი მომენტი ვაჩუქოთ.
ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით 2018 წლიდან დღემდე 217 მატჩში 50 გოლი გაიტანა, ერთხელ ავსტრიის ჩემპიონატი მოიგო და ორჯერ ავსტრიის თასი.