Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის ფინალში თამაში ოცნება იყო

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩისა (2:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბედნიერია, რადგან ეს მისთვის ოცნება იყო:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ფინალში ვართ და ჩემთვის ეს ოცნება იყო: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თასის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან რთული მატჩი იქნება „ინტერის“ წინააღმდეგ, რომელიც ფინალში ყოფნას იმსახურებს, ჩვენ პატივს ვცემთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენც, ასევე, ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ.

ეს მძიმე შრომის შედეგია, პროცესის გვჯეროდა, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ამ ბიჭებთან ერთად, ამ გუნდში. თამაშის დასაწყისი ჩვენთვის რთული იყო, რადგან მათ კარგად დაიწყეს, გოლის გატანის მეტი შანსი ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ დავიწყეთ ჩვენი თამაშის ჩვენება, ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. „არსენალი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც დაამტკიცა და ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იყო“, - განაცხადა კვარაცხელიამ. 

ქართველმა ფეხბურთელმა ინტერვიუ TNT Sports-საც მისცა.

„საოცარი გრძნობაა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოფნა ყველას ოცნებაა, მაგრამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და თავდახრილები ვიმუშავებთ, მოვემზადებით დიდი მატჩისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის დიდ გუნდში გადასვლა, ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარ გუნდში ვარ და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო მოედანზე და გუნდს დავეხმარო. „ინტერი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მითამაშია მათ წინააღმდეგ, კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერია, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ვფიქრობ, კარგი მატჩი იქნება“, - აღნიშნა კვარაცხელიამ. 

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 8 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.