ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველმა ფეხბურთელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე გოლით ან საგოლე გადაცემით ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა.
2025/26 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა.
კვარაცხელიამ რეკორდული მაჩვენებელი 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში დაამყარა. მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში მინიმუმ ერთი გოლით ან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
მიღწევა ოფიციალურად აღიარა გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ და ის „გინესის მსოფლიო რეკორდების“ 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაში შეიყვანა.