Loading data...
კახა კალაძე: ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას, დღეს შენი, ისევე, როგორც საქართველოს ოცნება მეორედ ახდა

„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის „ჩემპიონთა ლიგის“ ზედიზედ მეორედ მოგებას. 

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განიცდის.

„ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას! ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განვიცდით, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი კიდევ ერთხელ დაიპყარი და საქართველოს სახელი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე კიდევ ერთხელ, ხმამაღლა გააჟღერე.

არაერთხელ დაამტკიცე, რომ არა მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელი და სანიმუშო სპორტსმენი, არამედ განსაკუთრებული ადამიანი ხარ, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საკუთარი ნიჭით, შრომითა და თავმდაბლობით მილიონობით ადამიანის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

ამავდროულად, ჩვენი შვილების, იმ ახალგაზრდების შთაგონების წყარო ხარ, ვინც შენი შემხედვარე ოცნებას ბედავს, ოცნებას ისე თამამად, როგორც ერთ დროს შენ ოცნებობდი!

დღეს შენი, ისევე, როგორც საქართველოს ოცნება მეორედ ახდა!

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შენი დღევანდელი გამარჯვება განსაკუთრებით ძვირფასია პირადად ჩემთვის, რადგან შენი სახით საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასი მეორედ აღმართა და ყველაზე მეტად კაშკაშებდა გზაზე, რომელიც უდიდეს შრომას, ბრძოლას, რწმენასა და თავდადებას მოითხოვდა.

გისურვებ, რომ მომავალი სეზონი ახალი მწვერვალების, ახალი რეკორდებისა და ახალი ტრიუმფების წელი იყოს. მთელი გულით მინდა, რომ სწორედ შენ გახდე პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მესამედ მოიგებს და ქართული ფეხბურთის სახელით კიდევ ერთ ისტორიულ ფურცელს დაწერს.

როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცე, შენთვის შეუძლებელი არაფერია! გილოცავ ჩემპიონო!“ - წერს კახა კალაძე.