იტალიელი ჟურნალისტი: კვარაცხელიას კრიტიკაში აზრს ვერ ვხედავ, ძალიან იოლია ვინმეს მხრიდან ღალატზე ისაუბროთ, რას გააკეთებდი მის ადგილას?
იტალიელი ჟურნალისტი ლიბერატო ფერარა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნეაპოლელი ქომაგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს არ ეთანხმება.
„კვარაცხელიას წინააღმდეგ ბევრი განცხადება მოვისმინე. მას „ნაპოლის“ ღალატში ადანაშაულებენ, თუმცა, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მბრალდებლების როლში მყოფები კვარას ადგილას სხვაგვარად მოიქცეოდნენ?
კვარაცხელია ნეაპოლიტანელი არაა და სანამ ქალაქში ჩამოვიდოდა, ალბათ, მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს მარადონას ყოფილი კლუბი იყო. მასში მცირე თანხა გადაიხადეს, თავად კი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ფონზე, დიდებულად ითამაშა და ოსიმენთან ერთად სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. არადა, ეს უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მხოლოდ მე-3 ჩემპიონობა იყო. ვიმეორებ, ეს გააკეთა ფეხბურთელმა, რომელიც არაფრით იყო დაკავშირებული ნეაპოლთან და კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ნაპოლის ქომაგიც კი არასდროს ყოფილა.
ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ გაცილებით სარფიანი შეთავაზებები მიიღო, თანაც იმ კლუბებისგან, რომელთაც თანამედროვე ფეხბურთში ნაპოლიზე მეტი ეთქმით. ცხადია, რომ იმ ამბიციების გათვალისწინებით, რომელიც „პსჟ“-ს აქვს, ფრანგულ კლუბს შეეძლო კვარაცხელიასთან მოლაპარაკება ისე დაეწყო, რომ დე ლაურენტისისთვის უფლებაც არ ეთხოვა, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ასე თითქმის არასდროს ხდება.
„ნაპოლი“ კვარაცხელიას ლამის 2-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებს სთავაზობდა, ვიდრე - პსჟ. თქვენ რას გააკეთებდით ფეხბურთელის ადგილას? ძალიან იოლია ვინმეს მხრიდან ღალატზე ისაუბროთ, თუმცა, კითხვას ვიმეორებ - თქვენ რას იზამდით?
იტალიური ფეხბურთი გარკვეული ზღვრის შემდეგ უკვე არაკონკურენტუნარიანია. არცერთ კლუბს არ შეუძლია საკუთარ ფეხბურთელებს 10-10 მილიონი ევრო უხადოს. კონკრეტულ შემთხვევაში ეს რომც მოხდეს, მერე იმავეს სხვებიც მოითხოვენ, ამდენად, კლუბს აღნიშნული არ აწყობს.
დე ლაურენტისი ნამდვილად არ მომწონს. ხშირ შემთხვევაში ისე საუბრობს ხოლმე, რომ არც ფეხბურთი ესმის და ქომაგების მაჯისცემასაც ვერ აკონტროლებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის შეცდომა დაუშვა, რომ კვარაცხელია უკვე ზაფხულში არ გაყიდა. კონტრაქტებს ფასი ნამდვილად გააჩნია, თუმცა, გარკვეულ ეტაპამდე. თუკი ფეხბურთელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, სჯობია, ის გაუშვათ. ნუთუ ოსიმენთან დაკავშირებულმა ისტორიამ არაფერი გასწავლათ?
ვიმეორებ, კვარაცხელიას კრიტიკაში აზრს ვერ ვხედავ. ის პროფესიონალია და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, მისი მომავლისთვის რა სჯობს. კვარა ხომ არც პირველი და არც უკანასკნელია, ვინც ნაპოლის ტოვებს. როგორ უნდა ვთქვათ აუგი ფეხბურთელზე, რომელიც გადადის უფრო მეტად ამბიციურ კლუბში და თანაც პირობებიც გაცილებით უკეთესი ექნება?“ - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.
Lasciate stare Kvara: al suo posto voi che avreste fatto? https://t.co/W7aIPYUFIW #Napoli #ForzaNapoliSempre #calciomercato #Kvaratskhelia
— Liberato Ferrara (@FerraraLiberato) January 15, 2025