Loading data...
ისტორიული მე-100 მატჩი გამარჯვებით დასრულდა - მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.

ისრაელთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა – მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად ლაშა დვალი გამოჩნდა, მარცხენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი ირაკლი აზაროვმა შეცვალა, ხოლო ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილისა და ნიკა გაგნიძის ნაცვლად ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი გავიდნენ მოედანზე.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.

მეორე ტაიმში ლიეტუველები გააქტიურდნენ და გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ იხსნა საქართველოს ნაკრები – პირველად ბალტიისპირელთა კაპიტნის იუსტას ლასიცკასის სახიფათო დარტყმის შემდეგ, ხოლო მეორედ მწვავე ფლანგური გადაცემა ჩაჭრა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით დუბლი შეასრულა და 23 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო, შოთა არველაძეს კი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.