ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა. საბჭოს სხდომასა და საქართველოსთვის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა. შალვა გოგოლაძემ ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტ პედრო მოურას და მმართველობითი საბჭოს წევრებს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მმართველობითი საბჭოს სხდომაზე მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის განვითარების მენეჯერმა ზურაბ ბერუკაშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
მმართველობითი საბჭოს სხდომას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში ლევან წურწუმია, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და გენერალური მდივანი ნინო ხვიჩია ესწრებოდნენ.
მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული ჩემპიონატი კავკასიის რეგიონში პირველად ჩატარდება.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2029 წლის ივლისის თვეში თბილისში გაიმართება.
ამასთან, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტის პედრო მოურას განცხადებით, ETTU ყოველთვის ეძებს კარგ ორგანიზატორებს ღონისძიებებისთვის.
„ჩვენ გვაქვს მაღალი სტანდარტი ამ მიმართულებით, რომლის დაკარგვაც არ გვინდა.
საქართველომ ძალიან კარგი განაცხადი წარმოადგინა. მე უკვე ნამყოფი ვარ საქართველოში და კარგად ვიცი თქვენი ფედერაციის ორგანიზების დონე. ამიტომ თქვენი განაცხადის მიმართ ნდობით ვიყავი განმსჭვალული. აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრი კმაყოფილი იყო, რის შედეგადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
2029 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს“, - განაცხადა მოურამ.