ისტორიაში პირველად საქართველო ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 მასპინძლობს
სპორტის მინისტრის მრჩეველი საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას" აკადემიის თანამშრომლობით საქართველო ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად მასპინძლობს.
ბანაკის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის მრჩეველი მანანა ქავთარაძე ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო. ბანაკი 100 სპორტსმენზეა გათვლილი, აქედან 50 გოგონა და 50 ვაჟია.
ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკის ფარგლებში აკადემიის ხელბურთის სპეციალისტები მონაწილეებთან ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ ვარჯიშებს ჩაატარებენ.
„ბარსელონას“ აკადემიის მწვრთნელები გადაამზადებენ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებსაც, გაუზიარებენ მათ თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგიას, ინდივიდუალური ტექნიკისა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკას.
ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ქართველი ხელბურთელების პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს.
„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი საქართველოში 26 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იქნება წარმოდგენილი.