Loading data...
ილია თოფურია: 28 ივნისს კიდევ ერთ ოცნება ამიხდება, ჩარლზ წინასწარ ბოდიშს გიხდი

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის 28 ივნისს იბრძოლებს და მისი მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება. ეს ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც დენამ განაცხადა, ბრძოლა სრულფასოვან საჩემპიონო ქამარზე გაიმართება და დროებითი ქამარი გამორიცხულია, რადგან ისლამ მახაჩევმა საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ზედა წონაში იბრძოლებს.

ინფორმაციის გაოფიციალურების შემდეგ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაპოსტა.

„28 ივნისს კიდევ ერთ ოცნება ამიხდება, მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ წინასწარ ბოდიშს გიხდი, მე მხოლოდ ჩემი მიზნებისთვის ვიბრძვი. სამწუხაროა, რომ მახაჩევი გაიქცა“ - წერს ილია თოფურია.

ცნობისთვის, ილია თოფურიამ ბოლოს 2024 წლის 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეისთან იბრძოლა, სადაც ქართველმა ამერიკელი ნოკაუტში ჩააგდო და საჩემპიონო ქამარი ქვემსუბუქ დივიზიონში წარმატებით დაიცვა.