Loading data...
ჰამანი კვარაცხელიაზე: ის დიდებული იქნებოდა ლივერპულში, სალაჰის იდეალური შემცვლელი იქნებოდა

ლივერპულისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი დიტმარ ჰამანი მერსისაიდულ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. წერს Gambling Zone.

როგორ მან აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰის იდეალური შემცვლელი იქნებოდა.

„ყველამ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომწონს, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მომწონს. მამამისის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის ამბობდა, რომ ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის „ნაპოლის“ დატოვებას გეგმავს, ამდენად, კლუბში მისი ერა სრულდება.

ეს მართლაც დიდებული ისტორიაა რადგანაც 2 თუ 3 წლის წინ კვარაცხელიას შესახებ არავინ არაფერი იცოდა. კვარაცხელია „ნაპოლიში“ გამოჩნდა, სკუდეტო მოიგო და კლუბისთვის დიდებულ სეზონში ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა.

მისი კარიერა აღმა ბოლო წლებში წავიდა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოიყურებოდა. გამიხარდა, რომ მინდორზე კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად ვნახე, რომელიც მისი კერპია. ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თამაშის მერე თბილი საუბარიც ჰქონდათ.

ფოტოც ვნახე, სადაც რონალდო საქართველოში, მგონი, საფეხბურთო სკოლის გახსნაზეა ჩასული და იქ კვარაცხელია ჯერ კიდევ ძალიან პატარაა.

კვარაცხელია სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც ხალხი აღტაცებაში მოჰყავს. ის მოთამაშეა, რომლის სანახავადაც ფანებს ბილეთში ფულის გადახდა არ დაენანებათ. როდესაც შაბათს მორიგ საფეხბურთო მატჩზე მიდიან, ადამიანებს სწორედ ასეთი ფეხბურთელების ხილვა სურთ, მათი, ვინც აიძულებთ სკამიდან რაც შეიძლება ხშირად წამოცვივდნენ.

იმასაც დავაკვირდი, რომ კვარაცხელია ძალიან მორიდებული ბიჭია. ის დიდებული იქნებოდა ლივერპულში და თუკი საუბარი გვაქვს მო სალაჰის შემცვლელზე, იდეალური ვარიანტად სწორედ კვარაცხელია მესახება. ლივერპულმა ამაზე უნდა იმუშაოს“, - აცხადებს ლივერპულისა და გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი.