Loading data...
გურამ კაშიას გაცილება და საქართველოს ნაკრების ფრე რუმინეთთან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ სამი შემტევის გარეშე ჩაატარეს – გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილს ტრავმები აწუხებდათ, ხვიჩა კვარაცხელია კი, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ, ვილი სანიოლმა დაასვენა და ის ბაჰრეინთან 5 ივნისს ათამაშებს.

აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო გუნდის კაპიტნისთვის, გურამ კაშიასთვის. მან ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

მატჩის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ბურთი გააკონტროლა, თუმცა რუმინელები კონტრშეტევებზე საკმაოდ მწვავედ თამაშობდნენ. მე-19 წუთზე მათ დაწინაურება შეეძლოთ, თუმცა ჩვენი გუნდი ლუკა ლოჩოშვილმა იხსნა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი რეალური მომენტი 23-ე წუთზე შექმნა – აზაროვის წამოწყებული და ქვილითაიას მიერ გაგრძელებული შეტევის დაგვირგვინება ქოჩორაშვილმა სცადა, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. ორ წუთში ზივზივაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გოლი ვერ გაიტანა. ამის შემდეგ კვლავ მან და ქოჩორაშვილმა შეუტიეს, თუმცა – უშედეგოდ. პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ, ის შესვენებაზე შეცვალეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე რუმინელთა მეკარე აიოანი გამოსვლისას შეცდა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. ამით მის გვერდით მყოფმა ქვილითაიამ ისარგებლა, ბურთი ცარიელ კარში გაგზავნა და ანგარიში გახსნა. რუმინელებმა წონასწორობა 55-ე წუთზე აღადგინეს, თავი მუნტეანუმ გამოიჩინა.

ამის შემდეგ ვილი სანიოლმა რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის გურამ კაშია. კაპიტანი გულშემატკივარმა მოედნიდან ოვაციებით გააცილა. მატჩის დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული გუნდი შემდეგ ამხანაგურ მატჩს 5 ივნისს ბაჰრეინის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.