„გრანადას“ მწვრთნელი წიტაიშვილზე: უდიდეს სამუშაოს ასრულებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

„გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა ფრან ესკრიბამ გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, წიტაიშვილი გუნდისთვის ბევრ საქმეს აკეთებს, არა მხოლოდ გარემარბის პოზიციაზეა, არამედ მაშინაც, როცა დაცვაში თამაშობს.
„წიტაიშვილი ბევრ საქმეს აკეთებს, როგორც შეტევაში, ისე მაშინ, როცა მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ამის გაკეთება ძალიან კარგად შეუძლია სამკაციან სისტემაშიც. ის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზიდან მეტ-ნაკლებად დაღლილი დაბრუნდა“, - განაცხადა ესკრიბამ.
შეგახსენებთ, გიორგი წიტაიშვილმა ლა-ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.