Loading data...
GiveMeSport: ვესტ ჰემ იუნაიტედი გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოს 20 მილიონ ევროზე მეტს იხდის

„ვესტ ჰემ იუნაიტედი, ევროპის ჩემპიონატზე სენსაციის შემდეგ, მზადაა, გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს“ - ამის შესახებ The West Ham Way გავლენიან სპორტულ გამოცემა GiveMeSport-ზე დაყრდნობით წერს.

არსებული ცნობით, ვესტ ჰემ იუნაიტედმა ამ შეთავაზებით უკვე მიმართა „მეცს“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თამაშობს. 

„ეს, სავარაუდოდ, გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ აქამდე გაკეთებული ყველაზე მსხვილი შეთავაზებაა, თუმცა, ფრანგული კლუბები აგრეთვე ტრიალებენ „მეცის“ ფორვარდის გარშემო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ქართველის გადაბირებას „მონაკო“, „ლიონი“ და „ლანსი“ ცდილობენ. 

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია 4 შეხვედრაში გატანილი 3 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით.

მას აგრეთვე წარმატებული სეზონი ჰქონდა „მეცში“, სადაც Ligue 1-ის ფარგლებში 13 გოლის გატანა შეძლო.