Loading data...
გიორგი მიქაუტაძე: „ლიონში“ ისტორიის დაწერა მინდა, არასდროს ვღელავ, ფეხბურთს ისე ვთამაშობ, როგორც ვიცი

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლანსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა არა მარტო სეზონის დარჩენილ ნაწილზე, არამედ თავის სეზონზე, თანაგუნდელებზე და მომავალზე.

„მოუთმენლად ველოდებით სეზონის ბოლო ნაწილს, ყველა მატჩზე ცალ-ცალკე ვფიქრობთ. ვიცით, რომ სამივე მატჩი უნდა მოვიგოთ, სამი ფინალი გვაქვს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ. ვიცნობთ ჩვენს შესაძლებლობებს და გოლები უნდა გავიტანოთ. გასაღები ჩვენ ვიქნებით, ვიცით, რომ გვაქვს მიზანი, რისთვისაც ვთამაშობთ, საკუთარ თავს სეზონის წინ დავუსახეთ მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე და ახლა ჩვენს თავს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. რეალური ზეწოლა არ არსებობს, რადგან ეს არის მიზანი, რომელიც თავიდანვე გვქონდა. როგორც კონკურენტებს, ჩვენც გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.

მალიკ ფოფანა დრიბლინგებში შთამბეჭდავია. როდესაც ის ტრავმირებული იყო, მოედანზე ეს ასპექტი გვაკლდა. კარგია, რომ სწორ დროს დაბრუნდა. ტოლისო? ის ძალიან გამოცდილი ადამიანია, რომელიც ბევრს საუბრობს მოედანზე და მოედანს მიღმაც. როდესაც ის მოედანზეა, ყველაფერი უკეთაა.

ჩემი სეზონი დადებითია. შევძელი მეტი სათამაშო დროის მიღება და ვყოფილიყავი უფრო და უფრო გადამწყვეტი. ეს არის კლუბი, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, მაგრამ მოვედი კლუბში, სადაც ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელი დამხვდნენ, შესაბამისად, ადაპტაციისთვის დამჭირდა ის დრო, რაც დამჭირდა.

მე ვარ ადამიანი, რომელიც არ ღელავს, უბრალოდ, ფეხბურთს ისე ვთამაშობ, როგორც ვიცი ამის გაკეთება. მიხარია, რომ საქმეები უკეთესობისკენ მიდის. დაბრუნება არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მიხარია, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა.

შერკისთან თამაში? როდესაც თავდამსხმელი ხარ, ზოგჯერ ინსტინქტურად თამაშობ. „რენის“ წინააღმდეგ რაიანმა ორ მოთამაშეს შორის შესანიშნავი პასი გამიკეთა. ერთმანეთის გვესმის და ეს კარგად მუშაობს. როდესაც მასთან ერთად ვთამაშობ, ვიცი, ბურთი სად მოვა, ყოველთვის მზად უნდა იყო ისეთი ბურთის მისაღებად, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ.

ჩემი მომავალი? მინდა „ლიონში“ ისტორიის დაწერა, გოლები გავიტანე და კიდევ გავიტან. ვცდილობთ, სატრანსფერო სიახლეებს დიდი ყურადღება არ მივაქციოთ. ერთი მიზანი გვაქვს - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.

ლაკაზეტი? როდესაც გუნდში მოვედი, მითხრეს, რომ ერთად ვითამაშებდით. მასთან მეტად მინდოდა მეთამაშა. ასეთია ფეხბურთი, მწვრთნელები თავიანთ არჩევანს აკეთებენ. ის ბევრს შრომობს და მისგან შთაგონებას ვიღებ, მიხარია, რომ ჩვენთანაა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 31 მატჩი, 10 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონი“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 54 ქულით მეხუთე ადგილზეა და ოთხეულში მოხვედრას ცდილობს, ხოლო „ლანსს“ 4 მაისს უმასპინძლებს.