Loading data...
გიორგი გოჩოლეიშვილი ლა ლიგა 2-ში ითამაშებს - უკვე ოფიციალურად ის „კადისის“ ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას „კადისში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ერთწლიანი იჯარის საფასური 200 000 ევროა, ხოლო გამოსყიდვა სავალდებულო გახდება, თუ „კადისი“ ლა ლიგაში აღზევდება და გიორგიც გარკვეული რაოდენობის მატჩებში ითამაშებს. ამის მიუხედავად, „კადისს“ გაისად მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება, რომლის საფასური დაახლოებით 3.5 მილიონი ევროთი განისაზღვრა. ასე რომ, ესპანურ გუნდში ამ სეზონში ორი ქართველი ითამაშებს: მოგეხსენებათ, „კადისში“ იური ტაბატაძე ირიცხება, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და ჯერ უცნობია, როდის დაბრუნდება მოედანზე.

რაც შეეხება გიორგი გოჩოლეიშვილს, ის „საბურთალოს“ აღზრდილია, 2023 წლის იანვრიდან „შახტარში“ გადავიდა, სადაც თავი ვერ დაიმკვიდრა. უკრაინელებს ის ჯერ დანიურ „კოპენჰაგენში“, მერე კი გერმანულ „ჰამბურგში“ ჰყავდათ განათხოვრებული, სადაც გიორგიმ გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრებში მას 20-ჯერ აქვს ნათამაშები.

„კადისი“ ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „სელტა B-ს“ შეხვდა, რომელსაც უგოლოდ დაუზავდა.