გიორგი ჩაკვეტაძე: სერია A-ზე ვოცნებობდი, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება
„უდინეზემ“ 26 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მედიას წარუდგინა.
ქართველი ფეხბურთელი მედიას ესაუბრა, როგორც საკუთარ თავზე, ისე გუნდსა და მიზნებზე.
„იტალიაში თამაში ჩემი ოცნება იყო, სერია A-ზე ვოცნებობდი. „უდინეზე“ დიდი გუნდია, დიდი ისტორიით, მიხარია, რომ აქ ვარ. რონალდუს მაისური? მინდოდა მეც მქონოდა, მაგრამ კვარა მოედანზე პირველი შევიდა...
ჯანლუკა ნანისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, „უოტფორდში“ ხშირად ვსაუბრობდით და ამიხსნა, რომ „უდინეზე“ კარგი არჩევანი იქნებოდა, რომელიც საშუალებას მომცემდა, დიდ გუნდებთან მეთამაშა. „უოტფორდს“ პრემიერლიგაში აღზევებას ვუსურვებ.
რომელ პოზიციაზე მირჩევნია თამაში? ჩემთვის იდეალური პოზიცია 10 ნომერია, თავდამსხმელის უკან, მაგრამ ორივე ფლანგზე და ნახევარდაცვაში თამაშიც შემიძლია. ტრავმა? ბევრს ვმუშაობ და რამდენიმე დღეში სირბილს დავიწყებ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში გუნდთან ერთად ვიქნები.
რომელმა თანაგუნდელმა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება? ძანიოლო შესანიშნავი ფეხბურთელია, იცის გატანა, მეტოქის მოტყუება... სოლე კარგი მცველია, გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, დევისმაც ბევრი გოლი გაიტანა და ვარჯიშზე მისი ხარისხი ჩანს.
რამდენიმე თამაში ვნახე, იტალიაში ბევრი გუნდი 5 მცველით თამაშობს, ძალიან ტაქტიკური ჩემპიონატია და ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება, ასეთ დაცვასთან დაპირისპირება.
დე პაულის მსგავსი ფეხბურთელი არ ვარ, განსხვავებული თვისებები გვაქვს, ის უფრო დაცვითი მოთამაშეა, მე კი შემტევი, მომწონს მოტყუება, პასის გაკეთება, გოლის გატანა. იმედია, ჩემი თვისებებით გუნდს დავეხმარები“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით 2023 წლიდან 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში სამი გოლის გატანა მოახერხა. მას ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, „გენტში“, „ჰამბურგსა“ და „სლოვანში“. საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 39 შეხვედრაში 10 გოლია.
„უდინეზე“, რომელსაც კოსტა რუნიაიჩი ავარჯიშებს, 2025-2026 წლების სეზონში სერია A-ში მეათე იყო. ჩაკვეტაძე ტოპლიგაში კარიერაში პირველად ითამაშებს.