Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „რომამ“ „ლიონს“ მიქაუტაძის ტრანსფერში 18 მილიონი ევრო შესთავაზა

„რომამ“ „ლიონს“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
ფრანგული კლუბი 24 წლის ფეხბურთელში დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც გამოცემა ამტკიცებს, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ამავე დროს, ინგლისურმა გამოცემამ, Sunderlandecho-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანალოგიური წინადადებით „ლიონს“ „სანდერლენდიც“ დაუკავშირდა.
„24 წლის გიორგი მიქაუტაძეს კარიერაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში ბრწყინვალედ ითამაშა და, შესაძლოა, ამ ზაფხულს „სანდერლენდში“ გადავიდეს. როგორც ამბობენ, გუნდი მისი ტრანსფერითაა დაინტერესებულია. თუმცა კონკურენცია სერია A-ს „რომასთან“ მოუწევს, რომელიც გარიგების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობს.
„სანდერლენდს“ მიქაუტაძის შეძენის ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდა და ფრანგებთან თავდამსხმელის შეძენის მიზნით დაუკავშირდა“, – ამტკიცებს Sunderlandecho.
ფრანგული „ფუტ მერკატოს“ ინფორმაციით, მიქაუტაძის დამატებას ორი თურქული კლუბი – „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩეც“ ცდილობენ. მათი ინტერესი დიდია, რბოლაში საუდის არაბეთის კლუბებიც ჩაერთნენ, მაგრამ მათი შანსი დაბალია.