Loading data...
ესპანური მედია: გამორიცხული არ არის, ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას“ იანვრიდან შეუერთდეს

ესპანური მედია კვლავ აქტიურად წერს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე „ბარსელონაში“. როგორც El Nacional.cat აღნიშნავს, ამ ტრანსფერით დაინტერესებულია როგორც კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ, ისე მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი.

გამოცემა იმასაც წერს, რომ გამორიცხული არ არის, „კვარა“ ესპანეთში უკვე იანვრიდან გადავიდეს.

„უახლოეს თვეებში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი შესაძლოა საინტერესო განვითარდეს. „ბარსელონა“ მას ყურადღებით ადევნებს თვალს. ქართველი გარემარბი, რომელიც ბოლო წლების ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა, ამჟამად „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა, მოთამაშემ მკაფიო პირობა წამოაყენა, რომელმაც მას შესაძლოა წასვლის კარი გაუხსნას - ახალ კონტრაქტში გათვალისწინებული უნდა იყოს გამოსასყიდი პუნქტი. 

კვარაცხელიას მოთხოვნაა, გამოსასყიდი პუნქტი 70-დან 80 მილიონ ევრომდე განისაზღვროს, ეს თანხა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალია, მიმზიდველად გამოიყურება ისეთი ელიტარული კლუბებისთვის, როგორიცაა „ბარსაა“. თავის მხრივ, „ნაპოლი“ ცდილობს, ეს პუნქტი 100 მილიონამდე აიყვანოს, მაგრამ იტალიურ კლუბთან დაახლოებული წყაროები უკვე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ „ნაპოლიში“ მოუწევთ ფეხბურთელის მოთხოვნებთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა. ამ მოლაპარაკებებმა დეკოს ინტერესი გამოიწვია. ის ყურადღებით ადევნებს თვალს ქართველის მდგომარეობას და იცის, რომ ეს შეიძლება, ბაზარზე არსებული შესაძლებლობა იყოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიის მიხედვით, „ბარსელონა“ კვარაცხელიას განიხილავს, როგორც მოთამაშეს, რომელიც იდეალურად ჯდება ჰანსი ფლიკის სისტემაში.

„მას შეუძლია, უზრუნველყოს ბალანსი, სისწრაფე და გოლები მარცხენა ფლანგიდან. შესაძლებლობა, ნებისმიერი სიტუაციიდან შექმნას მომენტები, მას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტალანტად აქცევს. ამას გარდა, ის ფაქტი, რომ მისი გამოსასყიდი პუნქტი შესაძლოა 70-80 მილიონი იყოს, მას ხელმისაწვდომ ზონაში ტოვებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს“, - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას შესასყიდად სახსრები შესაძლოა, კლუბმა ფრენკი დე იონგის გაყიდვით გამონახოს - ჰოლანდიელს, კლუბში საუკეთესო მომენტი არ აქვს და იანვარში მისი წასვლით, შესაძლოა ფინანსური და სპორტული სივრცე გამოჩნდეს, რომელიც „ბარსას“ ქართველზე გადართვის საშუალებას მისცემს. იმ შემთხვევაში, თუ კლუბს სერიოზულ შეთავაზებას გაუკეთებენ იონგისთან დაკავშირებით, გამორიცხული არ არის, რომ „ბარსელონამ“ ეს სახსრები ამ ზამთარში, ხვიჩა კვარაცხელიას შესასყიდად გამოიყენოს“, - წერს El Nacional. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ კამპ-ნოუ მზადაა იმოქმედოს, თუ ასეთი შესაძლებლობა გაუჩნდება. 

„ქართველი, რომელმაც საკვანძო როლი შეასრულა სერია A-ში „ნაპოლის“ გამარჯვებაში, აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ არის გადამწყვეტი მოთამაშე, რომელსაც, საკუთარი ტალანტის დამსახურებით, შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. მისი გადმოსვლა ფლიკის ნამდვილი სტიმული იქნებოდა პროექტისთვის, რითად დაიმატებდნენ უმაღლესი დონის მოთამაშეს, რომელსაც ტიტილებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს“, - ნათქვამია სტატიაში.