„ეს იღბალი არ იყო, ჩვენ ეს ყოველივე დავიმსახურეთ“ - ლევან კობიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა UEFA-ს ოფიციალურ გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
კობიაშვილმა მიმდინარე წელი შეაფასა და ასევე, კომენტარი ევრო 2024-ზე გააკეთა.
2025 წელი ქართული ფეხბურთისთვის
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან UEFA EURO 2024-ში მონაწილეობის შემდეგ, ახალ დონეზე, ახალ ეტაპზე ავედით და ჩვენს მიმართ გაცილებით მეტი ინტერესი და ყურადღება იყო.
ჩვენი მამაკაცთა უფროსი გუნდისთვის ეს არაერთგვაროვანი წელი იყო - სომხეთთან პლეი-ოფში გამარჯვების შემდეგ, ერთა ლიგის B ლიგაში დარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან და თურქეთთან ერთად წარმოუდგენლად რთულ ჯგუფში მოვხვდით. 2023 წელს თანამასპინძლობის შემდეგ, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ასევე მეორედ გავედით 2026 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე - ეს ნიშნავს, რომ საქართველო ზედიზედ ხუთი წელია სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობს მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალში, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა“.
საქართველოს ნაკრების გზა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატამდე
„ერთი რამ ჩემთვის ცხადია - ეს მხოლოდ იღბალი არ იყო. ეს იყო შრომისმოყვარეობისა და კარგი შესრულების შედეგი, მთელი ჩვენი საფეხბურთო ეკოსისტემის მასშტაბით - ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული. თუ ყველა ერთად იმუშავებს, მაქსიმუმს გასცემთ ყოველდღე, ყოველ კვირას, ყოველ თვე, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ წარმატება მოვა, სადაც არ უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მივაღწევდით, რადგან ყოველდღე ვხედავ, როგორ ვითარდებიან და შრომობენ ახალგაზრდა მწვრთნელები და ფეხბურთელები. საბოლოოდ, ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ წარმატებას.
რა თქმა უნდა, ასევე, დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ ძალიან კარგი თაობა გვყავდა - ისეთი ცნობილი სახელებით, როგორებიც არიან კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა წამყვანი მოთამაშეები. თუმცა, როგორც ხშირად გვინახავს, მხოლოდ კარგი მოთამაშეები საკმარისი არ არის. ამ წარმატებაში მთელი ქართული საფეხბურთო ოჯახის როლი ძალიან დიდია, ამიტომ ვამბობ, რომ ეს იღბალი არ იყო, ჩვენ ეს ყოველივე დავიმსახურეთ.
საქართველოში ყველა ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ისეთ მნიშვნელოვან ტურნირში ითამაშებდა, როგორიც ევროპის ჩემპიონატია და მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს შევძელით და არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღეთ, არამედ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ჯგუფური ეტაპიდან გავედით. პორტუგალია დავამარცხეთ და ესპანეთის წინააღმდეგ თითქმის 40 წუთის განმავლობაში ლიდერობდით. ეს საოცარი და ძალიან სახალისო იყო. ახლა კი გვინდა შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ და შემდეგ ტურნირზე ვიყოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევრო 2024 არ იყოს პირველი და უკანასკნელი“.
ერთა ლიგის როლი ნაკრების განვითარებაში
„რთა ლიგა ფანტასტიკური იდეა და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაგვეხმარა. მახსოვს პირველი გამოშვება - საქართველო D ლიგაში იყო, ახლა კი B ლიგაში ვთამაშობთ. ეს უკვე დიდი ნაბიჯია და ჩვენ გვსიამოვნებს უფრო ძლიერ გუნდებთან და ხარისხიან მეტოქეებთან დაპირისპირება.
მეორე მხრივ, ყოველთვის არის ზეწოლა, რადგან ხალხს პროგრესი სურს. ახლა ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ A ლიგაში მოვხვდეთ - და რატომაც არა? თუმცა, არსებობს C ლიგაში დაბრუნების რისკიც და კარგად უნდა გვეთამაშა, რომ პლეი-ოფის მატჩებში სომხეთი დაგვემარცხებინა, რათა ჩვენი პოზიცია შენარჩუნებულიყო. მოხარულები ვართ თებერვალში დაგეგმილი წილისყრით და იმით, თუ რომელ ჯგუფში ვიქნებით - ერთა ლიგა დიდ სიხარულს გვანიჭებს და, როგორც ვთქვი, ეს ჩვენთვის იღბლიანი შეჯიბრებაა, რადგან მან მოგვცა შანსი, რომ ევრო 2024-ზე მოვხვედრილიყავით, ამიტომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბ ლიგაში იასპარეზებს. მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს, ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.