Loading data...
„დიდი მადლობა, რომ 17 წელი მგულშემატკივრობდით“ - ტოჩინოშინი გულშემატკივრებს მიმართავს

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სუმოდან წასვლის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართავს.

„მოგესალმებით ჩემო გულშემატკივრებო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, 17 წლის მანძილზე გულშემატკივრობისთვის! თქვენი დახმარებით შევძელი მეასპარეზა ამ ხნის მანძილზე თქვენი გვერდით დგომა მამხნევებდა და მაძლევდა ძალას რომ მებრძოლა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს, ასევე მადლობას ვუხდი ბატონ იოსებ ბაღათურიას და მის კოლეგებს ანსამბლი რუსთავის იაპონიაში ჩამობრძანებისთვის! დიდი პატივი იყო ჩემთვის და დაუვიწყარი თქვენი სტუმრობა. ასევე დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ჩემი სუმოდან გაცილების ღონისძიებაზე“, - წერს ტოჩინოშინი.

ტოჩინოშინმა 2023 წელს განაცხადა, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ის სუმოდან ოფიციალურად 4 თებერვალს გააცილეს ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მოქმედი და ყოფილი სუმოისტები, მათ შორის, ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუ.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლმა „რუსთავმა“ ტოჩინოშინის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე ქართული კულტურა წარადგინა. მიღება, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ტოკიოში ყველაზე მაღალ ადგილას, „აზაბუდაი ჰილს მორი თაუერში“ გაიმართა. მას ესწრებოდნენ ულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა და სხვები.