Corriere Dello Sport: თუ მასარას მიქაუტაძე სურს, რაც შეიძლება მალე უნდა განახორციელოს ეს ტრანსფერი

იტალიურმა გაზეთმა Corriere Dello Sport-მა „რომაში“ გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
მასში სხვადასხვა კომპონენტებზეა საუბარი. კერძოდ, რატომ სჭირდება „რომას“ მიქაუტაძე, რა უნდა გააკეთოს იტალიურმა კლუბმა და რა ფასად იქნება ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი.
„დროა ფრედერიკ მასარამ ყურადღება შემომავალ ბაზარზე გაამახვილოს. გასპერინის ეს სჭირდება, რადგან სურს, რაც შეიძლება მალე ჰყავდეს სრული შემადგენლობა, რათა მისი თამაში ააგოს და ახალი პროექტის პირველი სეზონისთვის ჯგუფი მოამზადოს. ორი მცველი, მარჯვენა ფლანგელი, ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი - ერთი ფორვარდი და მეორე უკან დაწეული თავდამსხმელის პოზიციაზე მოთამაშე. თუმცა, რა მოხდება თუ „რომა“ ამ ორ პოზიციაზე ისეთ ფეხბურთელს იპოვის, რომელსაც ორივეზე თამაში შეუძლია? იდეა არსებობს - გიორგი მიქაუტაძე. 24 წლის ფეხბურთელი იმ „ლიონიდან“, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის მეორე დივიზიონში დაქვეითდა და მზადაა მის გასაყიდად.
„რომას“ დირექტორი მიქაუტაძეს იცნობს
მასარა მას კარგად იცნობს და დაინტერესებულია დედაქალაქში მისი მოყვანის იდეით, რათა გასპერინის გადასცეს, რომელსაც შეუძლია მისი გამოყენება საჭიროებისამებრ. ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლია: შემტევი ნახევარმცველის/მარცხნივ მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე, რომელიც ცენტრისკენ შეიწევს და მარჯვენა ფეხით კარში დარტყმას განახორციელებს, დოვბიკის გვერდით თავდამსხმელის პოზიციაზე (მას უკრაინელისგან განსხვავებული ფიზიკური მახასიათებლები აქვს) ან მარტო, როგორც მოძრავი თავდამსხმელი. სხვა საკითხებთან ერთად, მიქაუტაძე თანამედროვე თავდამსხმელია, რომელიც მზადაა ბურთი წაიღოს ნახევარდაცვიდან ბევრი იმოძრაოს ხაზებში და თამაშის შესანიშნავი ხედვით გამოირჩევა. მოკლედ, 24 წლის ასაკში ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც გასპერინისთან ერთად დიდ სიამოვნებას მიიღებს.
„რომასთვის“ ხელმისაწვდომი ფასი
ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი კარგია, მაგრამ ფასი? „რომასთვის“ ხელმისაწვდომია. „ლიონის“ ფინანსური კრიზისის და ფეხბურთელის სურვილის გათვალისწინებით, დატოვოს კლუბი, თუ ლიგაში გავარდნის შესახებ საჩივარი უარყოფილი იქნება, ეს ციფრი ძალიან ახლოს იქნება იმასთან, რაც ერთი წლის წინ „მეციდან“ მის გადასაყვანად დაიხარჯა. „ლიონმა“ 18.5 მილიონი ევრო დახარჯა, პლუს კიდევ 4.5 მილიონი ბონუსების სახით (ყველა არ გააქტიურდა). ამიტომ 20-23 მილიონი ევროთი გარიგება შესაძლებელი იქნებოდა.
კონკურენცია
რა თქმა უნდა, ფეხბურთელით მხოლოდ „რომა“ არ არის დაინტერესებული. ქართველი მოთამაშე მოსწონს „აინტრახტს“, რომელიც თავის ვარსკვლავ ეკიტიკეს ყიდის, ასევე - გისოლფის („რომას“ ყოფილი სპორტული დირექტორი) „სანდერლენდს“, რომელმაც ფეხბურთელის გარემოცვასთან პირველი კონტაქტები უკვე დაამყარა და რომელსაც ფინანსებზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს, პირიქით, მდიდარია და ინვესტიციების ჩასადებად მზადაა. შესაბამისად, თუ მასარას მიქაუტაძე სურს, რაც შეიძლება მალე უნდა განახორციელოს ეს ტრანსფერი“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მანამდე ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლიონი“ ქართველ ფეხბურთელს მინიმუმ 25 მილიონ ევროდ აფასებს. გიორგი მიქაუტაძემ 2024-2025 წლების სეზონში „ლიონის“ რიგებში შედეგიანად ითამაშა - 47 მატჩი, 17 გოლი და 11 საგოლე პასი.