„ჩემპიონთა ლიგის კვარადონა, შეუჩერებელი გახდა“ - რას წერენ მედიაში კვარაცხელიაზე
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი „პარი სენ-ჟერმენმა“ „ჩელსისთან“ მოიგო, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი წვლილია - ორი გოლით და საგოლე პასით.
იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ როცა ის დასჭირდა, თამაშში შეუშვა და ქართველმაც „ჩელსის“ დამარცხებაში საკვანძო როლი ითამაშა.
სხვადასხვა გამოცემები კი კვარაცხელიას თამაშის შესახებ წერენ:
Footmercato: „მისი შესვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფლანგები გააცოცხლა და საჯარიმოში შესანიშნავი ოსტატობა გამოავლინა. ვიტინიას საგოლე პასი გაუკეთა და შემდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა - ძლიერი რაკეტა საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი გოლი ჰაკიმის კარგი თამაშის შემდეგ“.
Le Parisien: „შეუჩერებელი კვარაცხელიას წყალობით პსჟ-მ მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა“.
Sport: „კვარადონამ ჩელსი გააოგნა. ჩელსიმ რეაგირება სცადა, მაგრამ ლუის ენრიკემ ძლიერი იარაღი გამოიყენა და თამაშში გადატრიალება მოახდინა. კვარაცხელიამ, ჩემპიონთა ლიგის კვარადონამ, ძლიერი შორეული დარტყმით ანგარიში 4:2 გახადა. კომპენსირებულ დროში მან საბოლოო შტრიხი დაამატა და დუბლი შეასრულა“.
Gazzetta Dello Sport: „სრულიად თანაბარი თამაში, სანამ ჩელსის მეკარის შეცდომა და სუპერ კვარაცხელია გადამწყვეტი იქნებოდა. კვარა ბოლო წუთებში შეუჩერებელი გახდა: მან 86-ე წუთზე მაღალ კუთხეში გაიტანა, ხოლო 94-ე წუთზე დამანგრეველი კონტრშეტევა დაასრულა. ლუის ენრიკეს გუნდის დამსახურებული გამარჯვება“.