ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმისა“ და „ელფესბერგის“ პირველი შეხვედრა გერმანიის ბუნდესლიგის პლეი ოფში ფრედ დასრულდა

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში „ელფესბერგს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ბუნდესლიგის აუტსაიდერს მეორელიგელმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია – სტუმრებმა პირველ ტაიმში კომფორტული, ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მე-18 წუთზე ანგარიში ლუკას პეტკოვმა გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ფისნიკ ასლანმა სხვაობა გაზარდა.
მიუხედავად რთული მდგომარეობისა, „ჰაიდენჰაიმმა“ ბრძოლა არ შეწყვიტა და წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე ტიმ სირსლებენმა გაიტანა, ორ წუთში კი მატიას ჰონსაკმა ანგარიში გაათანაბრა.
ბუდუ ზივზივაძე მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე გამოჩნდა და აქტიური იყო. ერთ ეპიზოდში თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხოლო თავადაც ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის შანსი.
განმეორებითი მატჩი 26 მაისს გაიმართება, სადაც „ჰაიდენჰაიმი“ „ელფესბერგს“ სტუმრად დაუპირისპირდება და სწორედ იქ გაირკვევა, ვინ ითამაშებს მომავალ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში.