არველაძე: ლეგენდების სერიის პირველმა მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი ვარსკვლავური გუნდი გვესტუმრება

ლეგენდების სერიის პირველმა მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა და, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, შესანიშნავად ჩაიარა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე წერს.
შოთა არველაძე იმედოვნებს, რომ ლეგენდების სერიის შეხვედრები გაგრძელდება და საქართველოს არაერთი ვარსკვლავური გუნდი ესტუმრება.
„ლეგენდების სერიის პირველმა მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა და, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, შესანიშნავად ჩაიარა. თავიდანვე ვამბობდით – რატომ არ შეიძლება საქართველოშიც გავაკეთოთ ის, რის ყურებასაც უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპაში, ვართ მიჩვეული? ვფიქრობ, პირველივე ჯერზე მატჩი იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე თუნდაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც თავადაც მითამაშია.
ბათუმმა ორივე გუნდს და გულშემატკივარს შესანიშნავად უმასპინძლა. სტადიონი ულამაზესია და სავსე ტრიბუნებმა ეს მატჩი კიდევ უფრო დაამშვენა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ფეხბურთელმა მოახერხა ჩამოსვლა და თამაში. შესანიშნავი იყო „ინტერის“ შემადგენლობა ხავიერ ძანეტისა და ლუიშ ფიგუს ლიდერობით. ძალიან საამაყოა, რომ ეს პროექტი ასეთი დიდებული გუნდისა და ფეხბურთელების მონაწილეობით გაიხსნა. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი საინტერესო თამაში და ვარსკვლავური გუნდი გველოდება.
მადლობა გულშემატკივარს, მედიას და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტით დაინტერესდა. მადლობა გენერალურ სპონსორ europebet-ს, პარტნიორებს და ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მატჩის გარდა, რამდენიმე თვე ამ პროექტზე მუშაობას დაუთმო და საკუთარი ბრენდი Legend Series-ს დაუკავშირა. ფეხბურთელებმა დიდი სიამოვნება მივიღეთ, დარწმუნებული ვარ, ასეა გულშემატკივრის შემთხვევაშიც“, - წერს შოთა არველაძე.