Loading data...
არ იდარდოთ, ვეცდებით, რაც შეიძლება ბევრი გოლი გავუტანოთ და დავრწმუნდეთ, რომ მას კარგი დღე არ ექნება - ნაჩო ფერნანდესი გიორგი მამარდაშვილზე

ნაჩო ფერნანდესი და გიორგი მამარდაშვილი

ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ უეფას საიტთან ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

„მამარდაშვილი წლებია, ამტკიცებს, რომ კარგი მეკარეა. ის ლა ლიგაში ძალიან კარგად თამაშობს და ფანტასტიკურ ევროს ატარებს. ის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მაგრამ არ იდარდოთ, შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ და დავრწმუნდეთ, რომ მას კარგი დღე არ ექნება. ეჭვგარეშეა, ის კარგი მეკარეა“, - ციტირებს ნაჩოს UEFA-ს ოფიციალური საიტი.

ნაჩომ, ასევე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

„ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული მოთამაშეა. ჩვენ მას ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ ვეთამაშეთ და ის აბსოლიტურად განსხვავებულია. ქართველი კარგად მოძრაობს, ერთი-ერთზე შესანიშნავად მოქმედებს. ეჭვგარეშეა, რომ ის გუნდის ლიდერი და ჩვენთვის პრინციპული მეტოქეა. ხალხი შეიძლება ფავორიტებად მიგვიჩნევს, თუმცა ამას ესპანეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვეცდებით ჩვენი ტემპი ვაჩვენოთ და მთელი ტურნირის განმავლობაში ერთი დონე შევინარჩუნოთ.

ჩემი აზრით, საქართველო რთული მეტოქე იქნება, რადგან დაცვიდან ითამაშებს და თავისი მომენტების გამოყენებას კონტრშეტევებზე ეცდება. რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ვიყოთ და პირველივე წუთიდან მოგებაზე ვითამაშოთ“, - აღნიშნა ნაჩო ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა. 30 ივნისს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს დაუპირისპირდება.