Loading data...
„ახლა უნდა დავმშვიდდეთ და უფრო მაღალი მიზნები დავისახოთ“ - გიორგი გველესიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობით მიღებული ემოციები და აღნიშნა, რომ ახლა, გუნდი და გულშემატკივრები მომავლის მიზნებზე უნდა გადაერთონ.

როგორც გიორგი გველესიანი ამბობს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ უფრო მაღალი მიზნების აქვს. 

„რა თქმა უნდა, ველოდი, რომ ჩვენს გულშემატკივარს ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ ასეთი ანშლაგი და ასეთი სიხარული თუ დამხვდებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მგონი, გადავფარეთ 1981 წლის „დინამოს“ წარმატება და მას შემდეგ, ალბათ, ასეთი სიხარული ჩვენს ერს არ განუცდია. ალბათ, ძალიან გვწყუროდა ყველას ეს სიხარული და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მივიღეთ. უნდა დავტკბეთ კიდეც, რაღაც რომ გვიხარია, უნდა შევირგოთ, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად ამაზე საუბარი. არ შეიძლება, ამ სიხარულზე ილაპარაკო მომდევნო 35 წელი, როგორც 1981 წლის მერე, მთელი ჩემი ბავშვობა მესმოდა, რომ აი - თასების მფლობელთა თასი მოვიგეთ... ასე არ შეიძლება.

მოვიგეთ, მაგრამ შემდეგი თამაშები წინ გვაქვს და ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. უნდა ვეცადოთ, რომ მსოფლიოზე გავიდეთ და კიდევ უფრო მაღალი მიზნები უნდა დავისახოთ. სექტემბერში თამაშები გვაქვს. ახლა ჯობია, რომ დავმშვიდდეთ, დავეშვათ და მივხედოთ საქმეს“, - ამბობს გიორგი გველესიანი პირველ არხთან საუბარში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში მოხვდნენ, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრების დამარცხება შეძლეს და მსოფლიო პრესისა და ფეხბურთის გულშემატკივრების დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. 

ამასთან, ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალურ დონეზე, ჩემპიონატის არაერთი სტატისტიკის სათავეში მოექცნენ. მათ შორის, გიორგი მამარდაშვილმა ყველაზე მეტი მოგერიება მიითვალა, გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე ყველაზე შედეგიან ბომბარდირთა შორისაა, ხვიჩა კვარაცხელია კი დრიბლიგნების რაოდენობით ერთ-ერთი საუკეთესოა.