Loading data...
ახალი ციკლი, ახალი იმედებით - საქართველო ჩრდ.ირლანდიის წინააღმდეგ

სპორტი

საქართველოს ნაკრები 2026 წლის პირველი ოფიციალურ შეხვედრას 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდ.ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ერთა ლიგის გასული ციკლი საქართველოს ნაკრებმა ჩააგდო და იყო საშიშროება, C ლიგაში ჩასულიყო, თუმცა პლეი-ოფის მატჩი სომხეთთან მოიგო და B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრები ორშაბათს შეიკრიბა და ამ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის აქტიურად მოემზადა. მოგეხსენებათ, ახალი ფორმატის თანახმად, ამ სანაკრებო პაუზაზე 4 მატჩს ჩავატარებთ.

ერთა ლიგის ჯგუფში, ჩრდ.ირლანდიის გარდა, ჩვენი მეტოქეები უკრაინისა და უნგრეთის ნაკრებები არიან, მიზანი კი პირველ ადგილზე გასვლაა.

იმ ფეხბურთელებიდან, ვინც ვილი სანიოლმა ნაკრებში გამოიძახა, ტრავმის გამო ორი მათგანი გამოგვაკლდა - ოთარ მამაგეიშვილი და ირაკლი აზაროვი ამ შეკრებას გამოტოვებენ. ნაკრებში გამოიძახეს საბა ლობჟანიძე, ნოდარ ლომინაძე და საბა ხარებაშვილი.

რაც შეეხება ჩრდ.ირლანდიის ნაკრებს. მათ შეძლეს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც იტალიასთან დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრები ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში 72-ე ადგილს იკავებს, ჩრდ.ირლანდიის ნაკრები კი 70-ე პოზიციაზეა.

„გუნდში კარგი ატმოსფეროა. ტრავმების გამო, მოსამზადებელი პროცესი ცოტა გართულდა. ფეხბურთელებში ამბიცია და თავდადება შეინიშნება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მეტოქის მატჩის ვიდეოებს არაერთხელ ვუყურეთ. კარგად ვიცით, სად შეუძლიათ პრობლემების შექმნა.

ბრიტანული სტილიდან გამომდინარე, ორთაბრძოლები მნიშვნელოვანი იქნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი პოზიტიური მზადებიდან გამომდინარე, ყველაფრის მოედანზე გადატანას შევძლებთ“, - აცხადებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი.

„ჩვენს ნაკრებში ყველა მწყობრშია, რაც სასიხარულოა. პირველი მატჩი სტუმრად გვაქვს, თუმცა ჩვენს მზადებას ხელი არ შეუშლია, კვლავაც ბრიტანეთის დროით ვემზადებით და ყველაფერი იდეალურადაა. საქართველოს ნაკრებს არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, განვითარებაში დაახლოებით 5 წლით გვასწრებენ. მათ ჰყავთ კვარაცხელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა.

ხვიჩას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, თან ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება ისეთი მაღალი დონის ნაკრებებთან და ფეხბურთელებთან თამაშის, როგორებიც არიან საფრანგეთი და დემბელე, ოლისე, მბაპე“, - აცხადებს ჩრდ.ირლანდიის მწვრთნელი მაიკლ ონილი. 

ურთიეთშეხვედრების ისტორია: ჩრდ.ირლანდია - საქართველო 4:1 (2008 წელი, ამხანაგური მატჩი)

საქართველო - ჩრდ.ირლანდია

ერთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი

25 სექტემბერი, 20:00

დინამო არენა, თბილისი

მთავარი მსაჯი: ო.გრინფელდი (ისრაელი)

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა