7 მედალი, 3 ოქრო - საქართველოს პირველი ადგილი U20 ევროპის ჩემპიონატზე

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატზე საქართველომ 7 მედლით პირველი ადგილი დაიკავა.
ბოლო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა დაჩი პაპინაშვილმა, ხოლო ბრინჯაოები აიღეს საბა ღამბაშიძემ და ალექსანდრე აბრამიშვილმა.
86 კგ წონით კატეგორიაში დაჩი პაპინაშვილმა სლოვაკი ანტონ ვიჰივსკი (14:6), რუსი ალი შამიროვი (13:4) და პოლონელი ბარტლომეი ნოვაკოვსკი (11:0) დაამარცხა, ხოლო ფინალში თურქ აჰმეთ იაგანს შეხვდა და 3:1 აჯობა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს საბა ღამბაშიძემ და ალექსანდრე აბრამიშვილმა. ღამბაშიძემ (61 კგ) რეპეშაჟში ალბანელი ერსიან კაშიკუ 10:0 დაამარცხა, ხოლო მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ბაშირ ვერდიევის დაჯაბნა შეძლო. აბრამიშვილმა (125 კგ) გუშინ ნახევარფინალში წააგო, დღეს კი, მედლისთვის შეხვედრა უკრაინელ ივან მიროშნიჩენკოსთან 8:2 მოიგო.
შედეგად, საქართველომ 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონები გახდნენ დაჩი პაპინაშვილი (86 კგ), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ), ვერცხლი მოიპოვა ნიკა ზანგალაძემ (57 კგ), ხოლო ბრინჯაო გოგა ოთინაშვილმა (70 კგ), საბა ღამბაშიძემ (61 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ).
შეგახსენებთ, მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ალექსანდრე რუსიტაშვილმა, ანრი ფუტკარაძემ და ლუკა ქოჩალიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ანრი ხოზრევანიძემ, ვახტანგ ლოლუამ, კობა ქამურიძემ და საბა ფურცელაძემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.