6 თებერვალს იტალიაში ზამთრის ოლიმპიადა იხსნება
იტალიაში 6 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშები იხსნება. ზამთრის ოლიმპიადა-2026, ძირითადად, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდება. სათხილამურო კურორტ კორტინა დ’ამპეცოში ოლიმპიადა მეორედ ტარდება, პირველად იქ ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1956 წელს გაიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 6 თებერვალს მილანში, ჯუზეპე მეაცას სტადიონზე გაიმართება, სადაც 75 ათასი მაყურებელი ეტევა. ეს სტადიონი კიდე „სან-სიროს“ სახელით არის ცნობილი და იქ თამაშობენ ადგილობრივი საფეხბურთო კლუბები, „მილანი“ და „ინტერი“.
წლევანდელ ზამთრის ოლიმპიადაში 90 ქვეყნის 2 900 სპორტსმენი მონაწილეობს. გათამაშებული იქნება 116 ოლიმპიური მედალი.
პირველად ზამთრის ოლიმპიური თამაშებში სქი-ალპინიზმი შევიდა. სპორტის ამ სახეობაში სპორტსმენები მთაზე სპეციალური თხილამურებით ადიან და შემდეგ თოვლიანი ფერდობით ქვევით ეშვებიან.
მილანში გაიმართება ჰოკეის, ფიგურული სრიალის, ცოგურებით რბოლის და შორტ-ტრეკის კატეგორიებში შეჯიბრება. კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება ქალების შეჯიბრება სამთო-სათხილამური სპორტში, ასევე სპორტსმენები დაუპირისპირდებიან ციგების სპორტში, ბობსლეიში, სკელეტონში და კერლინგში.
მილანის და კორტინა დ’ამპეცოს გარდა შეჯიბრება ჩატარდება ანტჰოლცში, სადაც ერთმანეთს ბიატლონისტები დაუპირისპირდებიან. ვალ-დი-ფიემეში ჩატარდება ტრამპლინდან ხტომა და მოთხილამურეთა შეჯიბრება. ლივანიოში ჩატარდება ფრისტაილის, სნოუბორდის შეჯიბრება, ხოლო ბორმიოში - სამთო-სათხილამურო და სქი-ალპინიზმის სპორტსმენების დაპირისპირება გაიმართება.
ოლიმპიური თამაშები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. დახურვის ცერემონია „არენე-დი-ვერონაზე“ გაიმართება. ეს არის ანტიკური ხანის ამფითეატრი, რომელიც ვერონაში ჩვ. წ. აღ-ის 30 წელს აშენდა.
ზამთრის ოლიმპიური და შემდგომ პარალიმპიური თამაშები 1,6 მლრდ ევრომდე დაჯდა. შედარებისთვის, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 3,9 მლრდ დოლარი დაჯდა, მაგრამ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში ეს თანხა 8,7 მლრდ დოლარი იყო.