Loading data...
„3 ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი“ - თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატი საქართველოსთვის შესანიშნავად დაიწყო

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატი საქართველოსთვის შესანიშნავად დაიწყო. პირველ დღეს 5 ქართველი ჩაერთო ბრძოლაში და სამი ფინალშია, ორიც ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

57 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ზანგალაძემ ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო უდიდესი უპირატესობით - 10:0. მან ბულგარელი ესად ბოზალი და რუსები, მატსვეი სისტევიჩი და მაგომედ ოზდამიროვი დაამარცხა. ზანგალაძე ფინალში აზერბაიჯანელ ვასიფ ბაღიროვს გაეჯიბრება.

79 კგ წონით კატეგორგიაში დავით ჭეჭელაშვილმა ისრაელის ნაკრების წევრი დანიელ სიმონიანი 5:0, ესტონელი ტრისტან ალკსანდროვი 8:3, უკრაინელი ბოგდან ოლეკსიენკო 12:1 და რუსი საიდ საიდულოვი 10:4 დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ მურადხან ომაროვს დაუპირისპირდება.

97 კგ წონით კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა უნგრელი პეტერ შივნოვშკი 10:0, აზერბაიჯანელი რავან მუსაიევი 12:4 და რუსი მაგომედგაჯი მაგომედოვი დაამარცხა, რის შედეგადაც, ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ აშაბ დადაევს შეხვდება.

65 წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ლაზარე გუჯარაიძეს, რომელმაც ესპანელი ხორხე მატა 10:0 და აზერბაიჯანელი ჰაჯი კარიმოვი 4:3 დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უკრაინელ ვიქტორ ბოროჰანთან 1:11 დამარცხდა. ის ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე ხვალ გაირკვევა. ბრინჯაოს შანსი ექნება გოგა ოთინაშვილს (70 კგ), რომელმაც პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ლიეტუველ ოლეგ კნისევსკის შეხვდება.

ხსენებულ წონებში მედლები 5 ივლისს გათამაშდება. გარდა ამისა, შაბათს, დარჩენლ ხუთ წონაში დაიწყება ასპარეზობები და საქართველოს სახელით საბა ღამბაშიძე (61 კგ), საბა კობახიძე (74 კგ), დაჩი პაპინაშვილი (86 კგ), სანდრო ყურაშვილი (92 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ალექსანდრე რუსიტაშვილმა, ანრი ფუტკარაძემ და ლუკა ქოჩალიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ანრი ხოზრევანიძემ, ვახტანგ ლოლუამ, კობა ქამურიძემ და საბა ფურცელაძემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.