ზურაბ ქადაგიძე: პროკურატურა რომ ჰუმანურია, ადამიანის ჯანმრთელობას რომ ყურადღებით ეკიდება და გადაწყვეტილებას სწორედ პატიმრის, ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს - ამასაც საკუთარ თავზე იწერენ რადიკალები
„პროკურატურა რომ ჰუმანურია, ადამიანის ჯანმრთელობას რომ ყურადღებით ეკიდება და გადაწყვეტილებას სწორედ პატიმრის, ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს - ამასაც საკუთარ თავზე იწერენ რადიკალები“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებას.
ქადაგიძის შეფასებით, კარგია, რომ მართლმსაჯულების სისტემა მორგებულია პიროვნების ინტერესებზე და ვითარება სრულად განსხვავდება წინა მთავრობის დროს არსებულისგან, როდესაც მთელი სისტემა ერთი კაცის ხუშტურებს ემსახურებოდა.
„პროკურატურა რომ ჰუმანურია, ადამიანის ჯანმრთელობას რომ ყურადღებით ეკიდება და გადაწყვეტილებას სწორედ პატიმრის, ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს - ამასაც საკუთარ თავზე იწერენ რადიკალები. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მოძალადე დათაშვილზე მაქვს საუბარი, რომლის ციხიდან გამოშვებას სექტა გამარჯვებად ასაღებს. იმდენად უმადური ბნელები არიან, რომ არც ერთ მათგანს არ დასცდება სიტყვაც კი, რომ მადლობა უთხრას სახელმწიფოს, უბრალოდ აღნიშნოს, რომ მისასალმებელია ჰუმანურობა. თუმცა ცხადია, მათი არც მადლობა და არც ტკბილი სიტყვა არავის არაფერში სჭირდება. ძალიან კარგია, რომ მართლმსაჯულების სისტემა მორგებულია პიროვნების ინტერესებზე, და არა ისე, როგორც აგენტურული მთავრობის დროს იყო, როდესაც მთელი სისტემა ერთი კაცის ხუშტურებს ემსახურებოდა“, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.