ზურაბ ქადაგიძე ხიდაშელის განცხადებაზე: ახლა თუ მიხვდით, რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის?! თუ დავიდა თქვენს გამრუდებულ ლოგიკამდე, რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს?
„გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო?“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს „უნივერსიტეტი“, რომელიც არის ტერორისტების სკოლა და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. მართალია, მას არ აქვს აკრედიტაცია, ოფიციალურად არ არის ის უნივერსიტეტი, მაგრამ ამის მიუხედავად ის ფუნქციონირებს, მას ჰყავს სტუდენტები“. მისი თქმით, ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებს, კარგს ვერაფერს უწოდებს საზოგადოება.
„გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო? მერე იკითხავთ, ხიდაშელი თხემით-ტერფამდე უცხო ქვეყნის აგენტი, რატომ გგონიაო?! მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ერთი კითხვა მაქვს ამ გვარით ქართველ ადამიანთან თუ აკრედიტაცია არ აქვს თქვენს მიერ ნახსენებ სასწავლებელს, თუ სახელმწიფოს მხრიდან ვალიდაცია არ გაუვლია, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის და სწავლებისათვის მიღებული რესურსები არ აქვს დადეკლარირებული ხომ? - ასე რომ არ იყოს, ღიად და საჯაროდ იმოქმედებდა. ახლა თუ მიხვდით გვარით ქართველო რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის?! ახლა თუ მაინც დავიდა თქვენს გამრუდებულ ლოგიკამდე, რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა, რომელიც ყველა მხრიდან მოდის, კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს? ახლა თუ მაინც მიაგენით თქვენი გაუკუღმართებული ორიენტირით, რომ გამჭვირვალობის კანონის გაპროტესტებით პოტენციურ რელიგიურ-ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, თქვენ თვითონვე ახალისებდით?! თუმცა, ისევ პირველ აბზაცს დავუბრუნდეთ - ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ“, - წერს ქადაგიძე.