ზაალ ანჯაფარიძე მელიქიშვილზე მომხდარ დაპირისპირებაზე: რადიკალური ნაცოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის ემზადება, გარდა იმისა, რომ ამით სურთ მომხრეებში მუხტი ასწიონ, უნდათ უცხოელებს, შეუქმნან აღქმა, რომ წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი

„გუშინ ვიხილეთ და მომდევნო დღეებშიც ვიხილავთ უკვე სიტყვიდან საქმეზე გადასვლას, მათი რადიკალი „ტიტუშკების“ თავდასხმებით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებზე. კახი კალაძის საარჩევნო შტაბზე თავდასხმები უკვე გახდა მათი ერთგვარი სპორტი“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილზე მომხდარ დაპირისპირებაზე ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამით საკუთარ მომხრეებში მუხტის აწევა და უცხოელებისთვის იმის ჩვენება სურთ, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობრივია.
ანჯაფარიძის შეფასებით, კრიტიკულად აუცილებელია, რომ არჩევნებამდე სიმშვიდე შენარჩუნდეს, ხოლო „არჩევნების შემდეგ ყველა დამნაშავე რადიკალს და მათ სპონსორებს უმკაცრესად უნდა მოეკითხოთ“.
„რადიკალური ნაცოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის ემზადება. ეს უკვე გაცხადდა მკაფიოდ. გუშინ ვიხილეთ და დღეს და მომდევნო დღეებშიც ვიხილავთ უკვე, სიტყვიდან საქმეზე გადასვლას მათი რადიკალი „ტიტუშკების“ თავდასხმებით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებზე. კახი კალაძის საარჩევნო შტაბზე თავდასხმები უკვე გახდა მათი ერთგვარი სპორტი.
გარდა იმისა, რომ ამით სურთ მომხრეებში მუხტი ასწიონ, უნდათ რომ არჩევნებზე დამკვირვებლებს, განსაკუთრებით უცხოელებს, შეუქმნან აღქმა, რომ წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და ა.შ. მოკლედ ვუყურებთ არაერთხელ ნანახ კინოს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში მოსთხოვო ხელისუფლების მომხრეებს თავშეკავება და თმენა. უნდა ითქვას, რომ დეკემბრიდან მოყოლებული ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შესაშური თმენის უნარს ავლენს რუსთაველზე თუ სხვაგან მოთარეშე რადიკალი ჯოგების მიმართ. და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამაზე ბრაზდებიან, რომ ხალხი ვერ „ააგდეს“ იმაზე რასაც რეალურად იმსახურებენ. თუმცა, მოგეხსენებათ, მოთმინების ფიალა უძირო არ არის.
ამდენი ხანი თბილისელებს ცხოვრების ნორმალური რიტმი აქვთ დარღვეული, ამ ერთი მუჭა ჯოგის მიერ. თანაც ამ „აკაცუკებს“ ეტყობა არ ესმით რომ ეს საქართველოა, ეს თბილისია და თბილისში კი ასე არ იქცევიან! ჩემი მოკრძალებული აზრით, კრიტიკულად აუცილებელია რომ არჩევნებამდე შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რამდენადაც გამოგვივა. არჩევნების შემდეგ კი, ყველა დამნაშავე რადიკალს და მათ სპონსორებს უმკაცრესად უნდა მოეკითხოთ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.